ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონ ევროს ჰპირდება — რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას მიმართავს
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ერევანს 50 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას გამოუყოფს და სომხური პროდუქციისთვის ევრობაზარზე წვდომას გაამარტივებს.
„სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იარაღად იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით — ევროპა სომხეთის მხარეს მტკიცედ დგას,” — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთის გაფრთხილება
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა სომხეთს პირდაპირ გააფრთხილა: „ჩვენ არ შეგვიძლია განვახორციელოთ იმ ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. რატომ უნდა მივცეთ ფული მათ, ვინც ხვალ, შესაძლოა, ჩვენთან ომში იყოს?” ოვერჩუკმა დაასახელა, რომ სომხეთი ამჟამად ევრაზიული კავშირის წევრობით სარგებლობს — დაუბეგრავი ვაჭრობით, რუსეთის ბაზარზე წვდომით, ენერგორესურსებზე შეღავათიანი ფასებითა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.
მოსკოვის სამომავლო გადაწყვეტილებები, მისი თქმით, 7 ივნისს გათვალისწინებული სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგზეც იქნება დამოკიდებული.
კონტექსტი
ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესდა. რუსეთმა უკვე შეზღუდვები დააწესა სომხური ყვავილების, მინერალური წყლის, ბოსტნეულის, ხილისა და თევზის შემოტანაზე. ევრაზიული კავშირის სხვა წევრებმა — ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა — სომხეთს სამხვედრო ან ევროკავშირის გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდეს.