ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი „ლუკოილსა” და „როსნეფტს” შეეხება — პატრიარქ კირილეს სიაში შეყვანაც განიხილება
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, რომელსაც წევრი ქვეყნები ამჟამად ამზადებენ, „ლუკოილისა” და „როსნეფტის” წინააღმდეგ ზომებს, ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემების სიის გაფართოებასა და მათთვის დაზღვევის მომსახურების შეზღუდვას ითვალისწინებს. Politico-ს ცნობით, პაკეტის შეთანხმება მომავალ კვირაში შეიძლება მოხდეს.
„როსნეფტის” მიმართ ამჟამად ევროკავშირის გარიგებების აკრძალვა მოქმედებს, „ლუკოილის” წინააღმდეგ კი სანქციები ჯერ-ჯერობით მხოლოდ მის შვილობილ კომპანიებს ეხება. 21-ე პაკეტი ამ ბარიერებს მნიშვნელოვნად გაამკაცრებს — საქმე შეიძლება მივიდეს ევროკავშირში ყველა მათი აქტივის გაყინვამდე.
Politico-ს გამოძიებამ გამოავლინა, რომ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები, სანქციების მიუხედავად, სადაზღვევო მომსახურებას შუამავლების — მათ შორის ევროპული გადაზღვევის ორგანიზაციებთან დაკავშირებული შუამავლების — მეშვეობით კვლავ იღებენ. სწორედ ეს ართულებს სანქციების ეფექტიანობას.
ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, ასევე შეინარჩუნებს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ბარელზე 44,10 დოლარზე — მიუხედავად გლობალური ფასების ზრდისა.
Politico-ს ცნობით, განიხილება ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს სანქციების სიაში შეყვანის შესაძლებლობა. ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთი ამ ნაბიჯს ბლოკავდა, თუმცა შესაძლოა ეს პოზიცია ახლა შეიცვალოს.