ინდოეთში, ევერესტზე ურთულესი სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადებიან: იგეგმება 30 წლის წინ დაღუპული მთამსვლელის, სახელად "მწვანე ჩექმების" ჩამოსვენება - რა დეტალებია ცნობილი?
ინდოეთის ხელისუფლება სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს იმ მთამსვლელის გაყინული ცხედრის ჩამოსასვენებლად, რომელიც ევერესტზე თითქმის 30 წლის წინ, მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული კატასტროფის დროს დაიღუპა. ინდოეთ-ტიბეტის საზღვრის დაცვის პოლიცია (ITBP) უკვე ეძებს მაღალმთიან სამაშველო სააგენტოებს, რათა მთის ჩრდილოეთ კალთიდან ჩამოასვენონ ნეშტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ “მწვანე ჩექმების“ (Green Boots) სახელით იყო ცნობილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კონტრაქტორმა ჯგუფმა ცხედარი დელიში ოქტომბრამდე უნდა გადაასვენოს.
ნეპალში ბაზირებული კომპანია “Everest Sherpa Expedition“-ის დამფუძნებლის, ჩირინგ ჯანგბუ შერპას თქმით, ევერესტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკური ოპერაცია “ჩვეულებრივ ალპინიზმთან შედარებით ორმაგი საფრთხის შემცველი“ იქნება. ჩირინგი ევერესტის მწვერვალზე მრავალჯერ არის ნამყოფი. 2024 წელს მან პირადად უხელმძღვანელა ექსპედიციებს, რომლებმაც რეგიონის სხვადასხვა მთიდან ხუთი ცხედარი ჩამოასვენეს. შერპას თქმით “მწვანე ჩექმების“ ჩამოსასვენებლად მაღალკვალიფიციურ, 10-კაციან გუნდს, შესაძლოა, მთელი კვირა დასჭირდეს.
ვინ არის მთამსვლელი, სახელად “მწვანე ჩექმები“?
“მწვანე ჩექმების“ ცხედარი (მეტსახელი გარდაცვლილი მთამსვლელის მკვეთრი მწვანე ფეხსაცმლის გამო შეერქვა) ათწლეულების განმავლობაში ევერესტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “ორიენტირად“ იქცა. ჩირინგის თქმით, დაახლოებით 8 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნეშტი ტიბეტის მხრიდან მიმავალი მთამსვლელებისთვის ერთგვარი პირქუში გზამკვლევი გახდა.
“როდესაც ისინი საბაზო ბანაკს ან სხვა მთამსვლელებს უკავშირდებიან, ეუბნებიან: “კარგით, ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ მწვანე ჩექმებთან“, - ამბობს ის ტერიტორია ევერესტის “სიკვდილის ზონაში“ (8 000 მეტრზე ზემოთ) მდებარეობს, აქ ჰაერში ჟანგბადის დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რაც უმარტივეს მოქმედებებსაც კი სასიკვდილოდ სახიფათოს ხდის. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ “მწვანე ჩექმები“ 28 წლის ცევანგ პალჯორი ინდოეთ-ტიბეტის საზღვრის დაცვის პოლიციის წევრი იყო, იგი იმ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც მწვერვალის დაპყრობას 1996 წლის 10 მაისს ცდილობდა, როდესაც უეცრად ქარიშხალი დაატყდათ თავს. ამ ჯგუფიდან სამმა მთამსვლელმა გაუარესებული პირობების მიუხედავად გზა გააგრძელა, უკან არცერთი დაბრუნებულა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცხედარი სინამდვილეში ინდოელ ჯარისკაცს, დორჯე მორუპს ეკუთვნის, რომელიც პალჯორთან ერთად იმყოფებოდა. ბრიტანულმა გამოცემა “The Guardian“ - მა და ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო “AFP“ -მ განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით, დნმ-ის ანალიზმა ნეშტის მორუპთან იდენტურობა დაადასტურა.
“ჩვენ ისინი ქვემოთ უნდა ჩამოვიყვანოთ“
ევერესტიდან ცხედრების ჩამოსვენების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ფრენსის არსენტიევს უკავშირდება. იგი 1998 წელს, დაშვებისას გარდაიცვალა და პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც მწვერვალი დამატებითი ჟანგბადის გარეშე დაიპყრო.
ქალის ცხედარი წლების განმავლობაში მთაზე რჩებოდა და მთავარ მარშრუტზე მიმავალი ალპინისტებისთვის იყო ხილვადი. მას ევერესტის “მძინარე მზეთუნახავი“ შეარქვეს. 2007 წელს, შერპების ჯგუფმა და სხვა მთამსვლელებმა ფრენსის ნეშტის მთამსვლელთა თვალსაწიერიდან მოცილება მოახერხეს, თუმცა, იგი, ფაქტობრივად, იქვე, მთაზე დაკრძალეს, რადგან სრულფასოვანი ჩამოსვენება ვერ შეძლეს. მიიჩნევენ, რომ ევერესტზე დღემდე 200-ზე მეტი ცხედარია დარჩენილი. ბევრი მათგანი ზუსტად იმ ადგილას იმყოფება, სადაც დაიღუპა, რადგან მათი ჩამოსვენება ზედმეტად სახიფათო ან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მსოფლიო ალპინისტურ საზოგადოებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: ნაწილი მიიჩნევს, რომ მიცვალებულებს პატივი უნდა მიეგოს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, სხვები კი თვლიან, რომ ამისთვის ოპერაციებში მონაწილე მთამსვლელების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ ღირს. არიან ალპინისტი, რომლებიც წინასწარვე აცხადებენ, რომ სიკვდილის შემთხვევაში მთაზე დარჩენას ამჯობინებენ. თუმცა, ჩირინგი მტკიცედ დგას თავის აზრზე და მიიჩნევს, რომ სამაშველო მისიები აუცილებელია, რათა გარდაცვლილები თავიანთ ახლობლებს უნდა დაუბრუნდნენ. “ჩემი აზრი ასეთია: ჩვენ ისინი აუცილებლად ქვემოთ უნდა ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა მან მედიასთან საუბარში წყარო