ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2026 წლის ყოველწლიურ სესიაზე მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას — “საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით. რეზოლუცია მიუთითებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეფასებებზე, სადაც საუბარია ამომრჩევლებზე ზეწოლის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და სხვა პრობლემების შესახებ.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიღებულ კანონმდებლობაზე. მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს გამოხატვის, შეკრების, მედიის თავისუფლებას და უარყოფითად აისახება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი კანონები, ჩაატაროს 2024-2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, ასევე დაიწყოს სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული რეფორმები ეუთოსა და ვენეციის კომისიის მონაწილეობით.
დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს მოწოდებით, განაგრძოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებით თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად არ ჩატარდება.
“რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება” — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე