← მთავარი
პოლიტიკა

ეუთო-ს რეზოლუციით დამტკიცდა, 2024 წლის არჩევნებზე ჩადენილ იქნა დანაშაული – ოპოზიციის ალიანსი

8 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ეუთო-ს რეზოლუციით დამტკიცდა, 2024 წლის არჩევნებზე ჩადენილ იქნა დანაშაული – ოპოზიციის ალიანსი

ოპოზიციის ალიანსში გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციის შესახებ განცხადება გააკეთეს.

პარტია ახალის წევრის, თენგო თევზაძის თქმით, აღნიშნული დეკლარაციით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ ჩადენილი იყო დანაშაული, რომელსაც გამოძიება სჭირდება.

“დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რასაც [ამბობდნენ] ევროპულ-დემოკრატიული ძალები, ქართული ოპოზიცია, რომელიც რეჟიმთან ამბობდნენ, აღმოჩნდა მართალი. კიდევ ერთხელ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ბრძოლას მიეცა შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება.

დღეს ეუთოს რეზოლუციით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ 2024 წლის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ ჩადენილი იქნა დანაშაული, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოძიება. ოპოზიციის ალიანსმა და ეროვნულ-დემოკრატიულმა ძალებმა შევთავაზეთ ქართულ ოცნებას 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის აუცილებელი. ვერცერთი მომდევნო არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად თუ ოცნება არ შეასრულებს ამ გეგმას, არ შეწყვეტს რეპრესიებს და არ გამოუშვებს პოლიტიკურ პატიმრებს. ვინაიდან ეს პოლიტიკური პროცესი, პარტიების წინააღმდეგობა, პროტესტში მონაწილე საზოგადოების წინააღმდეგობა გაგრძელდება, ამისთვის კი უკვე არსებობს სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო-პოლიტიკური მტკიცებულებები. ეს არის ის დეკლარაცია და მისი შემადგენელი რეზოლუცია, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო”. - თქვა თევზაძემ.

პარტია დროას წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, ქართული ოცნების დელეგაციამ სცადა აღნიშნული რეზოლუციის ჩაგდება, მაშინ, როცა რეზოლუციით ასამბლეა კიდევ ერთხელ მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მართლაც საეტაპო, უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელშიც შედის რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ასამბლეამ კიდევ ერთხელ ურყევად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ რეზოლუციის ჩაგდებას შეეცადა ქართული ოცნების არალეგიტიმური დელეგაცია. საზოგადოებას რომ ესმოდეს რა არის ოცნების ბუნებეა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგდებდა ოცნების დელეგაცია, და ეს არის მათი ბუნება, რომელიც ინტერესებიც არის აბსოლუტურად შეუთავსებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. ამავე რეზოლუციაში არის საუბარი სისტემურ წამებაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ერთპარტიული მმართველობის არსებობაზე საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების ფაქტობრივ გაუქმებაზე ივანიშვილის მიერ, ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, ამავე რეზოლუციაში არის მოწოდება პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ. ასევე, საუბარია მოსკოვის მექანიზმის შესაბამის ანგარიშზე, რომელის მოთხოვნებიც და რეკომენდაციებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რეზოლუციაში არის არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი და მინდა, ეს ჩანაწერი მივულოცო თითოეულ ადამიანს, რომელიც არ შეშინდა, არ დანებდა, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში უწყვეტად არის პროტესტში - ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, მათ შორის ციხეებში მყოფი ადამიანების და იმ ადამიანების, რომლებიც ციხის გარეთ იბრძვიან ყოველდღიურად”. - თქვა ლემონჯავამ.

რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ

8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

რეზოლუცია - “საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ” - ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.

← მთავარი