← მთავარი
მსოფლიო

ევროპა "იწვის" - რეკორდული სიცხე, ათეულობით დაღუპული და შოკისმომგვრელი ტრაგედიები

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ევროპა

ევროპა კატასტროფული სიცხის ტყვეობაშია. 2026 წლის ივნისი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო თვე კონტინენტისთვის. საფრანგეთში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა, ათეულობით ადამიანი კი წყალში დახრჩობისა თუ მზის დარტყმის მსხვერპლი გახდა.

საფრანგეთი მიმდინარე სიცხის ტალღის ეპიცენტრად იქცა. ქვეყანამ ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დააფიქსირა - საშუალო ტემპერატურამ 29.8 გრადუსს მიაღწია, ზოგან კი თერმომეტრის ნიშნული 44 გრადუსს ასცდა.

შემზარავი მსხვერპლი

40 ადამიანი დაიხრჩო მას შემდეგ, რაც გაუსაძლის სიცხეს წყალსაცავებში და მდინარეებში დაემალა.

ბორდოს მახლობლად სამი მოხუცი მზის დარტყმით გარდაიცვალა. ქვეყნის სამხრეთში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა: ორი და ოთხი წლის ბავშვები გადახურებულ ავტომობილში გარდაცვლილები იპოვეს. არანაკლებ მძიმე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც. ესპანეთის სამხრეთში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, რასაც უკვე ემსხვერპლა 90 წლის ქალი და 68 წლის მამაკაცი.

დიდი ბრიტანეთი კი უპრეცედენტო “წითელი გაფრთხილების” რეჟიმშია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს. ქვეყანაში ასეულობით სკოლა დაიხურა ან შემოკლებულ გრაფიკზე გადავიდა, ხელისუფლება კი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

რა იწვევს “ჯოჯოხეთურ” სიცხეს? - “ომეგა ბლოკი” და კლიმატური კრიზისი

მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ ექსტრემალური სიცხის მიზეზი ე.წ. სითბური გუმბათია, რომელიც დასავლეთ ევროპის თავზეა გაჩერებული. ამ მოვლენას ხელს უწყობს “ომეგა ბლოკი” - ატმოსფერული წნევის სისტემა, რომელიც ცხელ ჰაერს ერთ ადგილზე “კეტავს” და გრილ ნაკადებს შემოსვლის საშუალებას არ აძლევს. ექსპერტების თქმით, ევროპა ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბება. კლიმატის ცვლილების გამო, მსგავსი სიცხის ტალღები ახლა 30-ჯერ უფრო მეტად მოსალოდნელია, ვიდრე ინდუსტრიალიზაციამდე იყო. სპეციალისტები შიშობენ, რომ ევროპული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები, რომელთა მხოლოდ 20%-ს აქვს კონდიცირება, ასეთ პირობებს ვერ გაუძლებს,.

მსოფლიო ლიდერების საგანგაშო მოწოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მონაცემები ნათელია: ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კი ლონდონში გამართულ კლიმატის კვირეულზე ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფოდ თქვან უარი წიაღისეულ საწვავზე: “კლიმატური და ენერგეტიკული კრიზისი ერთსა და იმავე დამანგრეველ საწყისს - წიაღისეულ საწვავს იზიარებს“. წყარო იხილეთ ასევე:

ევროპა “სიცხის გუმბათს” და ანომალიურ ტემპერატურას ებრძვის - “დედამ მანქანაში მცირეწლოვანი შვილები გარდაცვლილი იპოვა, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუსაძლისი სიცხეა” არნახული სიცხის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა - განგაში გამოცხადდა გერმანიის ნაწილში

← მთავარი