← მთავარი
პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

17 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეკისრება. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უკან დაიხია ყველა იმ ცხრა პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად განსაზღვრა, რის გამოც ქვეყანა დღეს ევროკავშირის კანდიდატია “მხოლოდ სახელწოდებით”.

ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

რეზოლუციაში მოყვანილია ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის შეფასებაც, რომლის თანახმად, ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ “ყველაზე ცუდი ანგარიშია, რომელიც ოდესმე კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულა”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში შეინიშნება. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოკლებულნი არიან, ხოლო ევროკავშირის მოთხოვნით შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო მოგვიანებით გაუქმდა.

რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად” აფასებს და აღნიშნავს, რომ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა. ევროპარლამენტი ასევე გმობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, რომელმაც საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდა.

დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების საკითხს ეხება. რეზოლუციის თანახმად, საქართველოში 48 პოლიტპატიმარი და კიდევ 68 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირია, რომლებიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ბრალდებებით არიან დაკავებულები. ანგარიში ასევე მოითხოვს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული საფუძვლებით და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას.

რეზოლუციაში ცალკეა გამოყოფილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, ასევე კრიტიკულადაა შეფასებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და ხელისუფლების კრიტიკის კრიმინალიზების მცდელობები. ცალკეული მუხლი ეხება ელენე ხოშტარიას დაკავების საქმესაც. ანგარიში გმობს მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაკავების დროს და მოითხოვს მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას.

ანგარიშში ცალკეა ნახსენები ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეც. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი პატიმრობაში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისა და დანაშაულის აღიარების შემდეგ აღმოჩნდა, თუმცა ამავდროულად გამოთქვამს სერიოზულ ეჭვებს, შეესაბამებოდა თუ არა მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქმე ასახავს უფრო ფართო პრობლემებს, მათ შორის პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებას, არაფორმალურ ძალაუფლებრივ სტრუქტურებსა და ქართული ოცნების შიდა დაპირისპირებებს, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილის როლზეც არის ყურადღება გამახვილებული.

ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს მიზნობრივი სანქციები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის წინააღმდეგ. დოკუმენტში ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი გავლენის მქონე ფიგურა და ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილებაზე პასუხისმგებელი პირი.

რეზოლუცია ასევე ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო გვერდის ავლის სქემებს, ჩინეთისა და ირანის მზარდ გავლენას საქართველოში და აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას. ჩინეთთან დაკავშირებით რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობაზე, ხოლო ირანის შემთხვევაში საუბრობს ეკონომიკური და ფინანსური ქსელების გამოყენების რისკებზე სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების მიზნით.

← მთავარი