← მთავარი
მსოფლიო

ევროპა "სიცხის გუმბათს" და ანომალიურ ტემპერატურას ებრძვის

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ევროპა

ევროპას ანომალიური სიცხე უტევს. ე.წ. სიცხის გუმბათის გამო მთელ რიგ ტერიტორიებზე ტემპერატურის 45°C-მდე ზრდა არის მოსალოდნელი.

ტემპერატურის მკვეთრი მატება საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთით მოძრავი ცხელი ჰაერის მასებით არის გამოწვეული, რასაც ხელს ის ძლიერი, მაღალი წნევის სისტემა უწყობს, რომელიც “აფრიკული ანტიციკლონის“ სახელით არის ცნობილი.

მეტეოროლოგების განცხადებით, აღნიშნული სისტემა ე.წ. სიცხის გუმბათს ქმნის, რომელიც ცხელ ჰაერს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აკავებს და ტემპერატურას დღითიდღე ზრდის. ყველაზე მძიმე დარტყმა საფრანგეთმა მიიღო. ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში 22 ივნისს ტემპერატურამ გადააჭარბა 40°C-ს. 22 ივნისს ნაშუადღევს, საფრანგეთის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ კარპენტრასში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე მდგარ საოჯახო მანქანაში, დედამ ორი და ოთხი წლის შვილი გარდაცვლილი იპოვა. პოლიციაში შეტყობინება ადგილობრივი დროით 13:00 საათის შემდეგ შევიდა.

“გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა გამოძიების მთავარი ვერსია გაუსაძლისი სიცხეა“, - განაცხადა კარპენტრასის პროკურორმა, ელენ მურჟმა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ევროპაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა სულ მცირე, ხუთშაბათამდე შენარჩუნდება.

საფრანგეთის ნაწილში განგაშის ‘წითელი დონე“ გამოცხადდა. სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ეს ტალღა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.

საფრანგეთის ეკოლოგიის უმცროსი მინისტრის, მატიე ლეფევრის თქმით, ეს სიცხის ტალღა “განსაკუთრებით ინტენსიური და ნაადრევია“. მუსიკის ტრადიციული დღესასწაულის (Fête de la Musique) დროს, როდესაც საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში უამრავი ადამიანი იკრიბება, ხელისუფლებამ ალკოჰოლის მიღება აკრძალა, რადგან მედიკოსების განცხადებით მაღალ სიცხეში ალკოჰოლი ორგანიზმისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს.

ლუვრის მუზეუმმა თავის ცნობილ შუშის პირამიდასთან დაგეგმილი უფასო კონცერტი გააუქმა.

მოსახლეობა სიცხისგან თავს მდინარეებსა და აუზებში ჩასვლით იცავს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უქმეებზე ქვეყანაში 13 ადამიანის დახრჩობის მიზეზი გახდა. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 13 წლის გოგონაც. მთავრობის საგანგებო შტაბმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთ ტბებსა და მდინარეებში ბანაობისგან, რომლებსაც მაშველები არ მეთვალყურეობენ.

ორშაბათს ქვეყანაში ასევე დაიკეტა 845 სკოლა, ხოლო 1800-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში გაკვეთილები ჩვეულებრივზე ადრე დასრულდა.

შეფერხებები ტრანსპორტის მუშაობაში და კლიმატის ცვლილება

ანომალიურმა სიცხემ საფრანგეთში სარკინიგზო მიმოსვლაც შეაფერხა. მაღალი ტემპერატურა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და ლიანდაგების დეფორმაციის რისკს ზრდის, რის გამოც გასულ კვირასა და ორშაბათს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებზე 71 საქალაქთაშორისო რეისი გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კონტინენტზე სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გაერო კი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სიცხის ახალი რეკორდები კიდევ არაერთხელ მოიხსნება. ბოლო მონაცემებით, მაისის უჩვეულო სიცხის ტალღამ ევროპაში 1500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებში

ესპანეთი: ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. იბერიის ნახევარკუნძულსა და მალიორკაზე სინოპტიკოსებმა საფრთხის “ნარინჯისფერი“ და “წითელი“ დონეები გამოაცხადეს. მადრიდის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ღია ცის ქვეშ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის (ესპანეთი - საუდის არაბეთი) საჯარო ჩვენება გააუქმა. სევილიაში ტემპერატურამ 40°C-ს მიაღწია, მალიორკაზე კი რეკორდული 42°C დაფიქსირდა.

გერმანია: აქ ტემპერატურამ უკვე მიაღწია 38°C. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის ბერლინში, ძლიერი შტორმისა და წვიმის გამო მუსიკალური ფესტივალი და ჩოგბურთის ტურნირი (ჯესიკა პეგულასა და ლინდა ნოსკოვას ფინალური მატჩი) შეფერხდა და ტერიტორიიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

იტალია: რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველები მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად ქოლგებს იყენებდნენ, ხოლო პიაცა ვენეციაზე მოსახლეობა და ტურისტები შადრევნებში გრილდებოდნენ.

ბელგია: მეტეოროლოგიური ინსტიტუტის პროგნოზით, მომავალ კვირას ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში რეისების ნაწილი გააუქმა, რათა სიცხის გამო ლიანდაგების დეფორმირება და მათი “ჩაკეტვა“ აიცილოს თავიდან. საბერძნეთი: კუნძულ სიროსსა და ქალაქ მარონეაში ტყის ხანძრები გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მათი ლოკალიზება შეძლეს. საჭირო გახდა კუნძულზე მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

დიდი ბრიტანეთი: სამეფო მეტეოროლოგიური საზოგადოების ხელმძღვანელის, ლიზ ბენტლის პროგნოზით, წელს, აქამდე არსებული ივნისის ტემპერატურული რეკორდები სრულად “განადგურდება“ და ჰაერის ტემპერატურა 38–39°C-ს მიაღწევს (ამჟამინდელი ივნისის რეკორდი 35.6°C-ია). ეს იქნება ზედიზედ მეორე თვე მაისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ტემპერატურული რეკორდები მოიხსნება. წყარო

← მთავარი