დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან ხსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს
გაწევრიანების „ხერხემალი“ მოლაპარაკებებს რამდენიმე დღის წინ ეწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა (ელჩებმა) მიიღეს 12 ივნისს და ის შეფასდა „წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად“. ამ ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელი გახდა უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში პეტერ მადიარის მოსვლითა და ევროკავშირის გაფართოებაზე ამ ქვეყნის პოზიციის ცვლილებით.„საფუძვლების“ (Fundamentals) შესახებ კლასტერიპირველი კლასტერი “საფუძვლების შესახებ” მოიცავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც დგას ევროკავშირი: დაწყებული კანონის უზენაესობით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დასრულებული. ამ კლასტერით იწყება და მისით სრულდება კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.”ეს არის იმ მოწადინების, გამბედაობისა და მუყაითად შრომის აღიარება, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ [უკრაინამ და მოლდოვამ - რ.თ.] გასწია რეფორმების განხორციელებაში, მათ წინაშე არსებული უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად“, - აღინიშნა ბრიუსელის პარასკევის განცხადებაში.ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გაფართოება არის მისი „სტრატეგიული არჩევანი“ და რომ კიევსა და კიშინიოვთან მეტად დაახლოებით ევროკავშირი „აძლიერებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ კონტინენტზე“.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის პროცესი
პირველ კლასტერში შედის დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედუნარიანობა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ეკონომიკური კრიტერიუმები.კლასტერი ეხება ევროკავშირის კანონმდებლობის უმნიშვნელოვანეს თავებს. ესენია:მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები;სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება;სახელმწიფო შესყიდვები;სტატისტიკა;ფინანსური კონტროლი.უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა 2022 წლის თებერვალში, სულ რაღაც დღეებში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. გაწევრიანების შესახებ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია უკრაინასთან გაიმართა 2024 წლის 25 ივნისს, მინისტრების დონეზე. ამას წინ უძღოდა 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე და 2024 წლის 21 ივნისს ევროკავშირის საბჭოს მიერ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცება.მოლდოვამ გაწევრიანებაზე განაცხადით ბრიუსელს მიმართა 2022 წლის 3 მარტს. ევროინტეგრაციის შემდგომი ეტაპები უკრაინასთან ერთად გაიარა.ორივე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო 2022 წლის ივნისში.საქართველოს დინამიკა სხვაგვარად განვითარდამიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანებაზე განაცხადით 2022 წლის 3 მარტს მიმართა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში. 2024 წლიდან კი საქართველოს გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერებულია”.
ასევე ნახეთ
თბილისი ოპტიმისტურადაა, ბრიუსელში წყარო „უნაყოფოდ“ აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ პროგრესის მისაღწევად“როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ მორიგ ნაბიჯს - პირველი კლასტერის გახსნას - პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა 13 ივნისის ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა და დაპირება დადო, რომ კიევის მხრიდან „არანაირი შეფერხება არ იქნება“. მან გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში უკრაინა მეტ პროგრესს მიაღწევს ევროკავშირისკენ გზაზე და ხაზი გაუსვა, რომ არა მხოლოდ უკრაინას სჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება უკრაინა:„რუსეთის გრძელვადიანი ზრახვებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ახლა ევროკავშირის ზღურბლთან აშენებს სამხედრო ბაზებს - იქაც კი, სადაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ ჰქონდა ისინი, მკაფიოდ ჩანს, რომ უკრაინის გარეშე, ჩვენი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გარეშე, ევროპა უდიდესი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა. ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეები ერთი ან ხუთი წლით არ არის დაგეგმილი, არამედ რუსეთმა აირჩია გრძელვადიანი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული სტრატეგია და თავის პოლიტიკურ კურსს ამაზე აფუძნებს. მოსკოვიდან სხვა არაფერი მოდის. მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების მოსყიდვის მცდელობები, არა მშვიდობისთვის, არამედ იმისთვის, რომ იმ პოლიტიკოსებმა თავიანთი ქვეყნებისა და ევროპის საერთო ინტერესები რუსეთს მიჰყიდონ. ისინი საბოლოოდ დამარცხდებიან - ზუსტად ისე, როგორც ორბანი. თუმცა ჯერაც ბევრი ცდილობს პუტინის საფულესთან დამეგობრებასა და რეალობაზე თვალის დახუჭვას“.
ვოლოდიმირ ზელენსკი
იმავე ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:„ჩვენ მხოლოდ შიდა რეფორმებს ან გარდაქმნებს კი არ ვატარებთ, არამედ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი უფლებისთვის - ავირჩიოთ საკუთარი გზა და ვიყოთ ევროპა. ჩვენ მსგავსად ეს უფლება აქვს ამ რეგიონის თითოეულ ქვეყანას. ვიბრძვით ჩვენი და მათი თავისუფლებისთვის, ევროპისთვის - ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რუმინეთისა და მოლდოვისთვის და კავკასიის ხალხებისთვის“.უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, „ევროპის ბედი წყდება უკრაინაში, ამ ომში და იმით, თუ როგორ დასრულდება ეს ომი“.მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 15 ივნისს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის მორიგ დაბომბვასა და კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას:„კრემლმა კვლავაც აჩვენა, რომ მისთვის არაფერია წმინდა. მათ, ვინც აცხადებს, რომ ქრისტიანულ ღირებულებებს იცავს, კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს, მართლმადიდებლობის წმინდა ადგილი. ჭეშმარიტად მორწმუნე ტაძრებს არ ბომბავს. მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას. რუსეთის შესაჩერებლად მასზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“.
მაია სანდუ
მაია სანდუ პარასკევს ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას:„მივესალმები ორშაბათს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. მოლდოვა მზად არის ყველა მათგანის გასახსნელად - ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას. მოუთმენლად ველოდები ევროკავშირი-მოლდოვის 22 ივნისის სამიტს“.ევროკავშირის ფუძემდებლურ საკანონმდებლო საკითხებზე მოლაპარაკებების გახსნა და ექვსივე კლასტერის (სულ 33 თავის) გავლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ.რადიო თავისუფლებამ “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროს მკვლევარსა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გიგი გიგიაძეს ჰკითხა - რას ცვლის საქართველოსთვის უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის წინსვლა?„ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ჯგუფში დიდი ხანია აღარ მოვიაზრებით. ჩვენთან მიმართებით დაწყებულია სრულიად საპირისპირო პროცესები - არა ინტეგრაციული, არამედ პირიქით, განიხილება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არსებულ მონაპოვარსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”.ქართველი დიპლომატი, საქართველოს შესახებ ევროკავშირის ბოლო ანგარიშებსა და შეფასებებზე დაყრდნობით, შემდეგ სცენარებს განიხილავს:”როგორც გაფართოების, ისე ვიზალიბერალიზაციის შესახებ ბოლო ანგარიშები გვეუბნება, რომ საქართველო რეალურად აღარ აღიქმება როგორც კანდიდატი ქვეყანა და მოვლენები შეიძლება რამდენიმე სცენარით განვითარდეს:1. საქართველოსთან იქნება სრულიად განსხვავებული მიდგომა. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, რასაკვირველია. ჩვენ უკვე აღარ ვართ უკრაინისა და მოლდოვის ჯგუფში და იქ აღმოჩენის პერსპექტივა უახლოეს მომავალში, რასაკვირველია, არ არის.2. ჩვენ შესაძლოა დავრჩეთ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც უკვე დიდი ხანია არიან კანდიდატები (მაგ. თურქეთი), მაგრამ, რეალურად, აქაც განსხვავებაა, რადგან თურქეთს გახსნილი აქვს მოლაპარაკებები და რაღაც მომენტში აქვს გაჩერებული. ანუ, რეალურად ეს ქვეყნები ჩვენზე წინ არიან. ჩვენ ეს ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს, აქამდეც არ მივსულვართ.საქართველო ახლა არის მდგომარეობაში, რომლის მიმართაც არანაირი სცენარი, არანაირი ჩამოყალიბებული დღის წესრიგი ევროკავშირს არ გააჩნია და ის რეალურად ვერც იარსებებს, ვინაიდან ევროპელებისთვის სრულიად გაუგებარია, ევროპასთან მიმართებით რას აკეთებს „ანტიქართული კოშმარი“. რეალურად არ აქვთ არანაირი ხედვა - რა უნდა მოხდეს, არავინ არ იცის”.გიგიაძე ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ახლო მომავალში შესაძლოა სომხეთი დაეწიოს საქართველოს და დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე, “რადგან სომხეთი ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა. მათ ასოცირების შეთანხმებაც არ აქვთ”:
ასევე ნახეთ
ვაჯამებთ, რა მისცა სომხეთს ევროკავშირთან პირველმა სამიტმა
“მათ აქვთ ასოცირების ალტერნატივა, რომელიც არ არის იდენტური. როგორ ჩაუთვლიან და როგორ მოხდება ამისი გარდასახვა თანამშრომლობის ახალ ფორმატში, ეგ ცალკე საკითხია. ისინი ახლა იწყებენ სავიზო ლიბერალიზაციას. მიიღეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ 2012-ში გვქონდა. დაიწყებენ ამის შესრულებას და, ყველაზე იდეალურად რომ წარმოვიდგინოთ, მინიმუმ 1,5-2 წელი მაინც დასჭირდებათ ამისთვის. არ აქვთ კანდიდატის სტატუსი”.საქართველოსა და სომხეთს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს ამოვარდნა ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალი ქვეყნების ჯგუფიდან მომავალში სერიოზულ გამოწვევად იქცევა, “ვინაიდან ინდივიდუალურ ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირის ჩართულობა არის ხოლმე ყოველთვის განსხვავებული. ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს ჯგუფურ მიდგომას. …ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ მდგომარეობაში“.”ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ევროკავშირი შანტაჟისთვის იყენებდა:”საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული.თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს”.2024-იდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნის დაპირება დადო, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ევროინტეგრაციის კონტექსტში ხშირად ახსენებენ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხს, რაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისთვის არარელევანტურია.15 ივნისს ლუქსემბურგში, სადაც დღის პირველ ნახევარში შეიკრიბა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რომელთანაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საუზმის ფორმატში შეხვედრა გამართეს. საუბარი ძირითადად შეეხებოდა სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს: „სომხეთის ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ევროპასთან მჭიდრო კავშირებს“, - განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზეც, როგორ დაეხმაროს ევროკავშირი სომხეთს რუსეთისგან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე მისი მედეგობის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციაში. სულ მალე სომხეთში მუშაობას შეუდგება ევროკავშირის პარტნიორობის მისია - კიბერთავდასხმებისგან, უკანონო ფინანსური ნაკადებისა და სხვა საფრთხეებისგან დაცვაში დასახმარებლად.
ასევე ნახეთ
„საქმე სერიოზულად არის“ - უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს დიალოგი 11 ივნისსაა დაგეგმილი, გადაწყვეტილებას 2027 წლის იანვარში ელიან