← მთავარი
მსოფლიო

EU-ს ცნობით, ევროპაში სამხედრო ასაკის უკრაინელ კაცებს დამცავი მექანიზმები აღარ შეეხებათ

26 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
EU-ს ცნობით, ევროპაში სამხედრო ასაკის უკრაინელ კაცებს დამცავი მექანიზმები აღარ შეეხებათ

ევროკავშირმა 26 ივნისს განაცხადა, რომ ბლოკის ტერიტორიაზე მცხოვრები 4.4 მილიონი უკრაინელისთვის დროებითი დაცვის მექანიზმები კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება, თუმცა, კიევის თხოვნის საფუძველზე, ეს მექანიზმები სამხედრო ასაკის უკრაინელ კაცებზე აღარ გავრცელდება.

უკრაინული მედია წერს, რომ ევროპის მასშტაბით ე.წ. “დროებითი დაცვის” მექანიზმების მიღების წესებზე შეზღუდვების ტრენდი შეინიშნება. წინა დღით ანალოგიური ცვლილებების შეტანაზე დანიაშიც შეთანხმდნენ, ხოლო ჩეხეთში მზადდება კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს დროებითი დაცვის მექანიზმების ფარგლებში.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ზომები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღესვე აამოქმედა, თუმცა, მათი გახანგრძლივება ყოველწლიურად უნდა მოხდეს. 26 ივნისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებამდე მექანიზმებს ვადა 2027 წლის მარტში გაუვიდოდათ.

ევროკავშირის კომისარმა მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მყოფი უკრაინელებისთვის სიცხადეა საჭირო: “ამიტომ ვაკეთებთ გახანგრძლივებას ასე ადრე, იმის ნაცვლად, რომ 2027 წელს დაველოდოთ.” – განმარტა მან.

შესაბამისად, მექანიზმები ძალაში 2028 წლის მარტამდე დარჩება, თუმცა, ევროკავშირი ახალ შეზღუდვებს დააწესებს სამხედრო ასაკის კაცებისთვის, რომლებსაც კანონის მიხედვით უკრაინის დატოვება ეკრძალებათ. შედეგად, ისინი დროებითი დაცვის მექანიზმებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

“უკრაინამ ამის გაკეთება გვთხოვა.” – აღნიშნა ბრუნერმა.

← მთავარი