EU-მა და უკრაინამ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ოფიციალურად გახსნეს
ევროკავშირმა და უკრაინამ გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ოფიციალურად გახსნეს პირველი – ე.წ. “ფუნდამენტების” კლასტერი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კლასტერი მოიცავს ევროკავშირის სამართლებრივ მემკვიდრეობასთან (EU acquis) დაკავშირებულ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილე, მარილენა რაუნას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და ქვეყნის მიერ რთულ პირობებში მიღწეულ პროგრესს აღიარებს. “დღევანდელი ისტორიული ეტაპი კვიპროსის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა და მკაფიო გზავნილია: უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი მყარად არის დაკავშირებული ევროკავშირთან. დღევანდელი გაწევრიანების კონფერენცია ასევე უსვამს ხაზს უკრაინის ურყევ ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და აღიარებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში მიაღწია. ეს უკრაინელი ხალხის გამძლეობის დასტურია. ამავდროულად, ის ვალდებულებები, რომლებსაც უკრაინა დღეს იღებს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლისთვის. გაფართოება მხოლოდ უკრაინისთვის სტრატეგიული შესაძლებლობა არ არის — ეს ასევე ინვესტიციაა უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის შექმნაში,” — განაცხადა მან. “ფუნდამენტების” კლასტერში შედის მოლაპარაკებების ხუთი თავი: 23-ე თავი – სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები;24-ე თავი – მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება;მე-5 თავი – სახელმწიფო შესყიდვები;მე-18 თავი – სტატისტიკა;32-ე თავი – ფინანსური კონტროლი.ევროკავშირმა როგორც მთლიანად კლასტერისთვის, ისე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული 23-ე და 24-ე თავებისთვის შუალედური კრიტერიუმები განსაზღვრა, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება, სანამ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში გადავა და შესაბამისი თავების დროებითი დახურვა გახდება შესაძლებელი. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების, სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის მიმართულებებითაც სპეციალური კრიტერიუმებია დადგენილი, რომლებიც მე-5, მე-18 და 32-ე თავების დროებითი დახურვისთვის უნდა შესრულდეს. ფუნდამენტების კლასტერზე მოლაპარაკებები პირველია, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც გაწევრიანების პროცესში დაიხურება, ხოლო ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი მთლიანად განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს. საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპით მიმდინარეობს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდება.