11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგება.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში „საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები” მიიღებენ მონაწილეობას.
Radio Free Europe-ის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა, 5 ივნისს აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე „ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი განიხილება”. სამინისტრო კი ევროკავშირის სავიზო რეგულაციაზე მითითებით ხსნის შეხვედრის ფორმატს: შეჩერების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ევროკომისია ვალდებულია შესაბამის ქვეყანასთან დიალოგი დაიწყოს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევროკავშირის მოქმედი სამართლებრივი მექანიზმის ნაწილია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სავიზო ლიბერალიზაციის პირობები დარღვეულია ან შესაბამის ქვეყანაში არასასურველი ტენდენციები გამოიკვეთა.