EU-მა "დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა" წარადგინა, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო
ბრიუსელში, ევროკომისიის ინიციატივით, “დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმას” (Connectivity Agenda Platform) ჩეაყარა საფუძველი. საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში სტრატეგიული მნიშვნელობის კავშირგაბმულობისთვის, სავარაუდოდ, 2 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზება იგეგმება. “ნეტგაზეთის” ცნობით, აღნიშნული შეხვედრის მიღმა საქართველო და აზერბაიჯანი დარჩნენ. მაღალი დონის შეხვედრას ევროკომისრები — მარტა კოსი (გაფართოების საკითხებში), იოზეფ სიკელა (საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულებით) და აპოსტოლოს ციციკოსტასი (მდგრადი ტრანსპორტის საკითხებში) მასპინძლობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აგრეთვე სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, თურქეთის, უკრაინისა და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი რანგის დელეგატები. “მზარდი კონფლიქტის დროს შესანიშნავია ამდენი ქვეყნის ერთიანობის ხილვა საერთო პროექტის გარშემო. ჩვენ გვჭირდება საიმედო სავაჭრო მარშრუტები და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ამის დამსახურებაა. მარშრუტზე ვაჭრობა შეიძლება მომდევნო 15 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდოს. ამისთვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. უკვე მიმდინარეობს მრავალი პროექტი და ინიციატივა. პლატფორმა შეავსებს დარჩენილ ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და მარშრუტს თავიდან ბოლომდე დააკავშირებს”, — აღნიშნა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის თავდაპირველ ანონსში საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეებს შორის იყვნენ დასახელებულნი, საბოლოო პროგრამაში ამ ქვეყნების ოფიციალური პირები აღარ ფიგურირებდნენ. “საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც წარსულში, რეგიონის ყველა პარტნიორი იყო მიწვეული. ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველო რისკავს იმ სარგებლის შეზღუდვას, რომელიც მას სრულყოფილად შეუძლია მიიღოს “დაკავშირებადობის დღის წესრიგის” ფარგლებში”, — განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა “ნეტგაზეთს”. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ევროკომისიამ თბილისს მიწვევა მხოლოდ “ტექნიკურ დონეზე” გაუგზავნა და შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ელჩს, ვახტანგ მახარობლიშვილს ელოდნენ, რომელიც ღონისძიებას არ დასწრებია. ამის საპირისპიროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყნის პროფილურ უწყებას ოფიციალური მიწვევა საერთოდ არ მიუღია. “ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელშიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოს შესაბამის სამინისტროს ევროკომისიის მოსაწვევი არ მიუღია”, — ამბობენ სამინისტროში. ამასთან, უწყებაში დაამატეს, რომ შეხვედრას “საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი” მაინც დაესწრო. “ნეტგაზეთი” წერს, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ლუქსემბურგში გამართულ დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. მაშინაც, ორმხრივი მაღალი დონის კონტაქტების შეჩერების ფონზე, ევროკავშირმა თბილისს მიწვევა მხოლოდ ელჩის დონეზე გაუგზავნა, რაზეც საქართველომ უარი თქვა. ცნობისთვის, ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონის მიმართ ბრიუსელის სტრატეგიული გეგმის ნაწილია. მისი მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთმანეთთან დაკავშირება სავაჭრო, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში.