"არ ვუჭერ მხარს ამ მუხლის ამოღებას" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ლევან მახაშვილისგან რეზოლუციის შესწორების თხოვნის პასუხად
„მე არ დავუჭერ მხარს ამ მუხლის ამოღებას“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შვედმა მომხსენებელმა კარინა ოდებრინკმა 6 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ქართველი დეპუტატის მიერ შეთავაზებულ შესწორებაზე კენჭისყრის წინ. კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა არ დაუჭირეს მხარი შესწორებას. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებს სომეხი პარლამენტარი სარგის ხანდანიანი უძღვებოდა.
ოდებრინკის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტიდან საქართველოს შესახებ მე-20 მუხლის ამოღება მოითხოვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა. მან განაცხადა:
„ვინაიდან ეს არის გადახვევა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიდან, გთხოვდით, ქალბატონო მომხსენებელო და სხვა წევრებსაც, მხარი დაუჭიროთ ამ ნაწილის წაშლას“.
საქმე ეხება კარინა ოდებნრიკის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთოს მთელ სივრცეში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება. რეზოლუციის მე-20 მუხლში წერია:
„ხაზს უსვამს საქართველოს შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის მიგნებებს, რომელიც აღნიშნავს მიმოხილვის პერიოდში დემოკრატიის უკუსვლას, ძირითადი თავისუფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომებით, რაც არის ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილი ვალდებულებების დარღვევა და გამოკვეთს ძალადობის შემაშფოთებელ ტენდენციას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში წამების ზღვარს მიაღწია“.
5 და 6 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტის“ სხდომაზე გამართულ დებატებზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები აკრიტიკებდნენ აღნიშნულ მუხლს იმ არგუმენტით, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელს შეზღუდული დრო ჰქონდა ანგარიშის მოსამზადებლად და სრულფასოვნად არ ასახა რეალობა. 5 ივლისის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა:
„თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამიტომ, როდესაც ანგარიში ეუთოს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც წარმოადგინა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ანგარიშს საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთი უკვე განხორციელებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით“.
საქართველო ნახსენებია ოდებრინკის რეზოლუციის პროექტის კიდევ ორ - 21-ე და 55-ე მუხლებში:
„21. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციის 2026 წლის მარტის საქართველოში ვიზიტს ვაფასებთ დადებით ნაბიჯად საპარლამენტო ჩართულობისა და დიალოგის გაძლიერების კუთხით და ხაზს ვუსვამთ მდგრადი საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთოს წევრ ქვეყნებში არსებული მწვავე დემოკრატიული გამოწვევების მოგვარებაში;
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:
- მოუწოდებს საქართველოს სრულად შეასრულოს 2026 წლის „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციები დემოკრატიის უკუსვლის მოსაგვარებლად, პოლიტიკური პლურალიზმის დასაცავი და სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებელი ნაბიჯების ჩათვლით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და მტკიცედ მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაატაროს დაუყოვნებლივი, საგულდაგულო და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობაზე არსებულ ყველა ბრალდებაზე“.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აღნიშნულ ორ მუხლზე შესწორების ინიციატივით არ გამოსულან.
ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველო ნახსენებია სამ დოკუმენტში. ესენია: 1. შვედი მომხსენებლის - კარინა ოდებრინკის „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტისთვის“ მომზადებული ანგარიში - „საერთაშორისო სამართალი და თანამშრომლობა ეუთოს სივრცეში“, რომელიც ასახავს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ არსებულ ვითარებას; 2. კარინა ოდებრინკის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი - „საერთაშორისო სამართალი და საერთო პრინციპები: ეუთოს სივრცეში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საფუძვლები“; 3. ამერიკელი კანონმდებლის - ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი - „არჩევნების სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოში“, რომელიც შეიცავს მოწოდებებს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი - საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების გამოსასწორებლად.
კარინა ოდებრინკის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოზე წერია პირველ თავში - „ფუნდამენტური თავისუფლებები და დემოკრატიული მმართველობა“, რომელშიც ზოგადად არის აღწერილი ეუთოს სივრცეში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევები და მაგალითის სახით მოყვანილია საქართველო:
„ამ კონტექსტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ამასწინანდელი ვიზიტი საქართველოში წარმოაჩენს მდგრადი საპარლამენტო თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას დემოკრატიის მხრივ შემაშფოთებელ ვითარებებში, ავსებს ეუთოს უფრო მასშტაბურ საქმიანობას ადამიანის უფლებების საკითხებზე, „მოსკოვის მექანიზმის“ 2026 წლის მიგნებების ჩათვლით. ვიზიტი წარმოადგენდა დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს იმ მხრივ, რომ დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მნიშვნელოვან შეხვედრებში მთავრობის ჩინოსნებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დასაშვებად ხდის უფრო ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგს. ამავდროულად, დელეგაციის მიერ პოლიტიკურ პატიმრებთან განზრახული შეხვედრები არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მუდმივად ისმებოდა და კვლავაც რჩება შეშფოთების მთავარ საფუძვლად ყველა დისკუსიისას, ოდირის რეკომენდაციების განხორციელებასთან, დემოკრატიის უკუსვლასა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზე შეშფოთების გათვალისწინებასთან ერთად, პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული მონაწილეობის ხაზგასმით“.
4 ივლისს ამერიკელმა კანონმდებელმა ჯო უილსონმა დამატებითი საკითხის სახით წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი - „არჩევნების სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოში“, რომელსაც ის იწყებს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრისა და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შეფასებით:
„1. [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა] შეშფოთებულია საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები, ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და კენჭისყრის ფარულობის დაუცველობის ჩათვლით“.
„2. შეშფოთებულია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გაყალბების ნიშნებით, ხმის გაყალბებით, ამომრჩევლის მოსყიდვაზე ცნობებით, „საარჩევნო კარუსელით“ და ოპოზიციის დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლით“.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამას აცხადებენ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები;
გაიწვიოს ყველა კანონი, რომელიც ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს;
დაიწყოს 2024 და 2025 წლის ყველა საარჩევნო დარღვევის ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხი აგებინოს შესაბამის პირებს;
ჩაებას რეალური რეფორმების პროცესში, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან კონსულტაციით, სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ მათ შეძლონ შურისძიების საფრთხის გარეშე მუშაობა.
ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტში არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ მათ:
საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოონ მუდმივი ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღსადგენად და მომავალი საარჩევნო პროცესის ეუთოს პრინციპებთან სრულად შესაბამისობაში ორგანიზებისთვის;
თავი შეიკავონ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგების აღიარებისგან, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ არ შეფასებულა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული;
შეინარჩუნონ სიფხიზლე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების მიმართ და საქართველოს ხალხს გაუწიონ უწყვეტი დახმარება დემოკრატიული ღირებულებებისკენ მათ სწრაფვაში.
ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტში კომიტეტის სხდომაზე პორტუგალიელი დეპუტატის - ლუის გრასას მიერ შეთავაზებულ ორ შესწორებას დაუჭირეს მხარი: ერთი შეეხებოდა მე-9 მუხლს (კანონების გაწვევაზე), რომელშიც ჩაემატა მედიის თავისუფლების შესახებ აბზაცი; მეორე კი მე-15 მუხლს, რომელშიც ჩაემატა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შესახებ აბზაცი.
მედიის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ არსებულ მწვავე ვითარებაზე ილაპარაკა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა, კონსერვატორმა ჯონ უიტინგდეილმაც და მხარდაჭერა გამოხატა ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტის მიმართ. მან აგრეთვე განაცხადა, რომ გასულ კვირაში გამოცემა “ნეტგაზეთი/ბათუმელების” ჟურნალისტს შეხვდა. დაწვრილებით ილაპარაკა მზია ამაღლობელის პატიმრობის, მისი ჟურნალისტური ღვაწლისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. უიტინგდეილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა.
“ქართული ოცნების” დეპუტატები ამერიკელი კანონმდებლის ინიციატივასაც გამოეხმაურნენ. მათ შორის, ეკა სეფაშვილმა განაცხადა:
“ცხადია, ამ რეზოლუციის მიზანია მხოლოდ საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და იმ რეალობის არასახვა, რომელიც საქართველოშია. ეს არის მხოლოდ საკვების მიცემა იმ რადიკალებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ არ დაინახონ რეალობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოში, არამედ ამის ნაცვლად გამოიგონონ პარალელური სამყარო, სადაც ყველაფერი ბნელი და უსამართლოა”.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია წელს ჰააგაში ტარდება. შეკრება 4 ივლისს გაიხსნა და 8 ივლისს დასრულდება. ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი, კომიტეტების მიერ მიღებული შესწორებებით, სესიის დასასრულ შევა “ჰააგის დეკლარაციაში”, რომელსაც ასამბლეაზე უყრიან კენჭს.