ესპანეთმა კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი დააკავა — მათ შორის „ქართული წარმოშობის” ქურდები
ესპანეთის პოლიციამ, საქართველოს პოლიციის ატაშესთან თანამშრომლობით, 27 ბინის ქურდობაში ბრალდებული კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი დააკავა.
ორივე ქვეყნის სამართალდამცავების ინფორმაციით, დაჯგუფება ორი შტოსგან შედგებოდა: „ქართული წარმოშობის” წევრები უშუალოდ ბინებს ქურდავდნენ, ხოლო ესპანური შტო სხვადასხვა ქალაქში მოპარული ნივთების გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი.
„CACHABA” სახელწოდების სპეცოპერაციას წინ ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია უძღოდა. ოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში — სულ 9 ლოკაციაზე — ჩატარდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებები მოიცავს კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, ქონებრივ დანაშაულებს, დოკუმენტების გაყალბებას, მოპარული საქონლის რეალიზაციას, ასევე ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობას. 13 დაკავებულიდან ცხრა უკვე წინასწარ პატიმრობაშია — თითოეულს რვა წლამდე სასჯელი ემუქრება.
პოლიციამ ადგილებზე სამკაულები, ძვირფასი საათები, ოქროს ზოდები, ნაღდი ფული და ქურდობის ჩასადენად განკუთვნილი იარაღები ამოიღო.