[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] ესპანეთი 2:1 ბელგია. დე ლა ფუენტეს "ჯოკერმა" ამჯერადაც გაამართლა! | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი
ესპანეთი 2:1 ბელგია
10.07. ლოს ანჯელესი. “ლოს ანჯელეს სთედიუმი”. 70 492 მაყურებელი
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (30), 1:1 დე კეტელერი (41. კასტანიეს პასით), 2:1 მერინო (88)
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი 6.4* - პორო 7.4, კუბარსი 8.4, ლაპორტი 7.0, კუკურელია 6.8 - როდრი 7.9, ფაბიან რუისი 7.8 (55. პედრი 7.0) - იამალი 8.0, ოლმო 7.5 (86. მერინო), ბაენა 6.9 (55. ფერან ტორესი 6.6) - ოიარსაბალი 6.6 (79. ნ. უილიამსი 6.5)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
ბელგია (4-2-3-1): კურტუა 6.9 (71. ლამენსი 5.4) - კასტანიე 6.7, ნგოი 6.5, მეშელი 6.8, დე კუიპერი 6.0 (61. სეისი 6.2) - ვანაკენი 5.9 (60. ლუკაკუ 6.0), რასკინი 6.1 - ტროსარი 5.7 (60. ვიტსელი 6.0), დე ბრუინი 6.0 (86. სელემეკერსი), დოკუ 6.8 - დე კეტელერი 6.8
მწვრთნელი: რუდი გარსია
გაფრთხილება: კუბარსი (43), დე ბრუინი (85), ლაპორტი (90+3), ვიტსელი (90+5)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლამინ იამალი (ესპანეთი)
არბიტრი: მ. ოლივერი (ინგლისი)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც სუპერჯახი ექნება საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ! იქამდე კი ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა ბელგიასთან, თუმცა რომ არ მოეგო, საცოდაობა იქნებოდა - მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანელებს მეტოქე საკუთარ საჯარიმოში ჰყავდათ გამომწყვდეული.
ფაბიან რუისის გოლს შარლ დე კეტელერმა პირველივე ტაიმში კი უპასუხა, მაგრამ ბელგიელებმა მეტი ვერაფერი შეძლეს. კეტელერის გოლიც მათ იშვიათ შეტევას მოჰყვა. სხვა მომენტებში ესპანეთი ფლობდა ბურთს და აკონტროლებდა თამაშის რიტმს.
თავის მხრივ, იღბალს ალბათ ბელგიაც ემდურის. ჯერ ერთი, გუნდმა კაპიტნის, იური ტილემანსის გარეშე ითამაშა, და მეორეც, გადამწყვეტ მომენტში დაშავდა ტიბო კურტუა. მისი შემცვლელი სენე ლამენსი კი ყოჩაღად ვერ დაუდგა პაუ კუბარსის ძლიერ, შორეულ გასროლას, მისგან უკუგდებულ ბურთს კი ვინ დაამატებდა, თუ არა მიკელ მერინო - 2:1.
“არსენალში” იქნება, თუ ესპანეთის ნაკრებში, მერინო ყველგან “ჯოკერია” - შეცვლაზე შედის და ძალიან ხშირად გააქვს. დე ლა ფუენტემ ერთხელაც დაამტკიცა, რომ ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და რომ ამ ესპანეთის ნაკრების წარმატებაში მისი წვლილი უდიდესია.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, განსაკუთრებული საფეხბურთო ზეიმისთვის მოვემზადოთ. ესპანეთი-საფრანგეთი ის აფიშაა, ფეხბურთის მოძულესაც რომ დასვამს ტელეეკრანთან ორი საათითა თუ მეტით…
ფაქტები
ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებში 650 წუთის განმავლობაში კარი “მშრალად” შეინახა. მისი სარეკორდო სვლა შარლ დე კეტელერმა შეაჩერა.
შარლ დე კეტელერმა მიმდინარე მუნდიალზე 3 გოლი გაიტანა და ეს ყველაფერი პლეი-ოფში მოახერხა.
ესპანეთის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი მეოთხედფინალში გაუშვა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მუნდიალების ისტორიაში.
ესპანეთი და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. მეოთხედფინალში ამ ნაკრებების გზა მეორედ გადაიკვეთა. 1986 წელს ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ნახევარფინალში კი ბელგია გავიდა 11-მეტრიანების სერიაში გამარჯვების ხარჯზე.
ესპანეთის ნაკრებს ბელგიის უპირველეს გუნდთან ბოლო 12 შეხვედრაში არცერთი არ წაუგია. ბოლოს ბელგიელებმა ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე იმარჯვეს (2:1).
ესპანეთის ნაკრები, არსებობის ისტორიაში, მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. პირველ შემთხვევას “ფურია როხას” ჩემპიონობა მოჰყვა.