[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ესპანეთი 3:0 ავსტრია. დე ლა ფუენტეს ბომბარდირი | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი
ესპანეთი 3:0 ავსტრია
02.07. ლოს ანჯელესი. “ლოს ანჯელეს სთედიუმი”. 70 492 მაყურებელი
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (36. კუკურელიას პასით), 2:0 პორო (66. ბაენას პასით), 3:0 ოიარსაბალი (89. კუკურელიას პასით)
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი 6.9 - პორო 8.8, კუბარსი 8.1, ლაპორტი 7.7 (90+3. პუბილი), კუკურელია 8.5 - როდრი 7.6, პედრი 7.4 (90+3. ფაბიან რუისი) - იამალი 7.7 (85. გავი), ოლმო 7.3 (71. მერინო 6.4), ბაენა 8.4 (71. ფერან ტორესი 6.6) - ოიარსაბალი 9.1
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
ავსტრია (4-4-2): ა. შლეგერი 6.5 - პოში 6.0 (85. პრასი), დანსო 6.0, ალაბა 6.7, ლაიმერი 6.4 - ზაივალდი 6.2 (46. ჩუკვუემეკა 6.3), ქ. შლეგერი 5.9 (46. გრილიტჩი 6.7) - შმიდი 6.3 (60. კალაიჯიჩი 6.0), ვანერი 5.9, ზაბიტცერი 6.9 - გრეგორიტჩი 5.5 (60. არნაუტოვიჩი 6.0)
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი
გაფრთხილება: პოში (83)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლამინ იამალი (ესპანეთი)
არბიტრი: გ. ნიბერგი (შვედეთი)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ესპანეთის ნაკრებმა ავსტრიული ბარიერი იოლად დაძლია და ახლა ელოდება პორტუგალიასა და ხორვატიას შორის უძლიერესს. “ფურია როხამ” ლამაზად ითამაშა, პეპელასავით იფარფატა მინდორზე და სრულიად დამსახურებულად მოიგო დიდი ანგარიშით.
დიდებული მატჩი ჩაატარა ლუის დე ლა ფუენტეს ხელში ნაკრების მთავარმა ბომბარდირმა, მიკელ ოიარსაბალმა, ვინც დუბლი მიითვალა. სასწაულია, მაგრამ ფაქტია - ბასკი დაფრინავს ესპანეთის ნაკრებში, “სოსიედადს” კი, სადაც ლეგენდად ითვლება, ვერა და ვერ ელევა. როგორ გინდა, დღევანდელ ფეხბურთში ეს ერთგულება არ დააფასო!
ესპანეთის ნაკრებმა 3 გოლი ხომ გაიტანა და, მინიმუმ, ერთი ამდენის გატანა კიდევ შეეძლო. თუ ჯგუფში გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც იყო, პირველ საპლეიოფო მატჩში ესპანეთი იყო ძალიან ორგანიზებული, მტკიცე და შემტევი.
ერთადერთი, რაზეც გული გვეთანაღრება, ესაა - ევროპის ბოლო ჩემპიონატზე “ფურია როხაში” ნიკო უილიამსიც ბრწყინავდა, ახლა მისი ადგილი ალექს ბაენას უკავია.
კი ბატონო, კარგი ფეხბურთელია ბაენა, მაგრამ ნიკოს “ბარსელონაში” მის მიერვე ჩაშლილი ტრანსფერის ნოსტალგია რომ არ აწუხებდეს, ესპანელთათვის ეს აჯობებდა.
ფაქტები
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ლუის დე ლა ფუენტე, “ფურია როხას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი (23) მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.
1958 წლის მუნდიალის შემდეგ ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც საპლეიოფო შეხვედრაში ორმა თინეიჯერმა (20 წელზე ნაკლები ასაკის) ფეხბურთელმა ითამაშა - ლამინ იამალმა და პაუ კუბარსიმ. 1958 წელს 20 წელზე ნაკლებისანი იყვნენ პელე და ჟოზე ალტაფინი.
ავსტრიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან წააგო მე-3 თამაში.
“ფურია როხამ” მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად ითამაშა ევროპული ნაკრების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2018 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა 11-მეტრიანების სერიაში.
ლუის დე ლა ფუენტეს მწვრთნელობისას ესპანეთის ნაკრები არასოდეს დამარცხებულა ისეთ მატჩში, რომლის პირველი ტაიმი მოგებული ჰქონდა.
ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალზე პირველი საპლეიოფო მატჩი მოიგო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა (2010).
პლეი-ოფის სტადიაზე ესპანეთის ნაკრებმა ბოლოს ერთზე მეტი გოლი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.