← მთავარი
საზოგადოება

ეროვნული სიმბოლოები სახელმძღვანელოებზე - კერძო და საჯარო სკოლებს ერთი და იგივე წიგნები ექნებათ - განათლების მინისტრი

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ეროვნული სიმბოლოები სახელმძღვანელოებზე - კერძო და საჯარო სკოლებს ერთი და იგივე წიგნები ექნებათ - განათლების მინისტრი

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე “ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები” იქნება დატანილი, ასევე, კერძო და საჯარო სკოლებში ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურზე. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა 30 ივნისს.

“ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. მერე, უკანა ყდაზეა აღწერილი, ეს რვაათასწლიანი კულტურა როგორ არის იუნესკოს მიერ აღიარებული.

მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა. ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია.

ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომელმაც მსოფლიოში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, ვეფხისტყაოსანი და ა.შ. ანუ, ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს.

ამიერიდან, მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი იქნება, განისაზღვრა ცალკე სახელმძღვანელო, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება.

ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონატებს და ასე შემდეგ, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს ქვეყანას.

ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – „საქართველო, მიყვარხარ“ და მისი სურათია. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ილია მეორე, რომელიც ამბობს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, - თქვა გივი მიქანაძემ.

მისი სიტყვებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში მთავარი ამოსავალი წერტილი ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირებაა სასწავლო პროცესში.

განათლების მინისტრის თანახმად, 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM-მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნება.

“ჩვენი გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში”.

“კერძო სკოლებს მოუწევთ ამ სახელმძღვანელოს შეძენა, ხოლო საჯარო სკოლებში, ტრადიციულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ უფასოდ. უკვე წელს, სასკოლო წლის დაწყებისთვის, 2026 წლის 15 სექტემბერს პირველკლასელებს, მეშვიდეკლასელებს და მეათეკლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ანუ, სამ საფეხურზე დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები“, - თქვა მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, მშობლებთან შეხვედრებზე საუბრისას გაირკვა, რომ ყველა “უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით, რადგან ხედავს - ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე, მოსწავლეს აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება. სხვა მეთოდოლოგიით სწავლება კი იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და მჯერა, ძალიან მალე დავინახავთ შედეგს”, - თქვა გივი მიქანაძემ.

ასევე ნახეთ

სასკოლო კვება, ფორმები, სტუდენტების დაკავება, ახალი სახელმძღვანელოები - განათლების მინისტრის პასუხები ინტერპელაციაზე

ზოგადი განათლების რეფორმა

ცვლილებები ნაწილია “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ ინიციირებული ზოგადი განათლების რეფორმისა, რომელიც 2024 წელს მიღებულ “ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს” ეფუძნება. ამ დოკუმენტმა შეცვალა 2004 წელს მიღებული კონცეფცია, რომელიც, როგორც მას განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ უწოდა, „გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით“.

ასევე ნახეთ

8 მთავარი ცვლილება „ოცნების“ ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით

ასევე ნახეთ

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები

← მთავარი