← მთავარი
პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის პროექტი - მიმართვა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს

27 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის პროექტი - მიმართვა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სოციალურ ქსელში ეროვნული თანხმობის აქტის პრფოექტს აქვეყნებს პოლიტიკური ექსპერტი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი გოჩა მირცხულავა და საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს:

“არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ არის საქართველოზე მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომ გთავაზობთ „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს.  დოკუმენტს, რომლის მიზანია არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სამართლებრივი გზით დასრულება. დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან პრაქტიკულად აღარ საუბრობენ. საზოგადოება კი ყოველდღიურად უფრო მეტად იყოფა, მაშინ როდესაც საქართველო დგას უმნიშვნელოვანესი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე. ვფიქრობ, დადგა დრო, პოლიტიკურმა პროცესმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. ჩემი შეთავაზებაა შეიქმნას მედიატორთა საბჭო, რომელიც დაიწყებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და უზრუნველყოფს ეროვნული შეთანხმების მიღწევას. შეთანხმების მიზანი იქნება ნდობის აღდგენა, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, შეთანხმებული წესების შექმნა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვების ან დამარცხების დოკუმენტი. ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს ისე, რომ გამარჯვებული იყოს საქართველო. წარმოდგენილი პროექტი არ არის საბოლოო დოკუმენტი. იგი განკუთვნილია საჯარო განხილვისთვის და მზად ვარ მოვისმინო ყველა არგუმენტირებული შენიშვნა, კრიტიკა და წინადადება. თუ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი დიალოგით, შეთანხმებითა და დემოკრატიული პროცესით უნდა განისაზღვროს, მაშინ ამ დისკუსიის დაწყება აუცილებელია. ——

საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტი

პოლიტიკური ნორმალიზაციის, საზოგადოებრივი თანხმობისა და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად პრეამბულა საქართველო დგას მნიშვნელოვანი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური უთანხმოება, საზოგადოებრივი პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დეფიციტი ქმნის ვითარებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას, საზოგადოებრივ ერთობასა და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ამავე დროს, საქართველო იმყოფება რთულ საერთაშორისო და რეგიონულ გარემოში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაუშვებელია პოლიტიკური პროცესები განვითარდეს ისე, რომ საბოლოოდ დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესი, შეიქმნას საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღრმავების საფრთხე ან შეიზღუდოს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები. ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ სრულდება შეთანხმებით. დემოკრატიული სახელმწიფოს სიმწიფე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მან შეძლოს უთანხმოების გადაჭრა მშვიდობიანი, სამართლებრივი და დემოკრატიული გზით. ამიტომ სახელმწიფოს, პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანი, დემოკრატიული და კონსენსუსზე დაფუძნებული განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მხარეები თანხმდებიან ეროვნული შეთანხმების პროცესის დაწყებაზე, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით ხელისუფლების ლეგიტიმაციის განახლება.

ეროვნული კონსენსუსის საკითხები

მხარეები ადასტურებენ, რომ პოლიტიკური კონკურენციის, იდეოლოგიური განსხვავებებისა და მიმდინარე პოლიტიკური დავების მიუხედავად, არსებობს საკითხები, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, საზოგადოების და მომავალი თაობების საერთო ინტერესს და რომელთა მიმართაც აუცილებელია ეროვნული კონსენსუსი. მხარეები ადასტურებენ ერთგულებას:

საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტისადმი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პოლიტიკისადმი;

საქართველოს კონსტიტუციური წყობისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი;

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვისადმი;

კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპებისადმი;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ფორმირების პრინციპისადმი;

პოლიტიკური ძალადობისა და არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფისადმი;

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სტაბილურობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი;

საქართველოს ევროპული მომავლისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისადმი.

მხარეები თანხმდებიან, რომ ეროვნული შეთანხმების მთელი პროცესი ემსახურება სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ინტერესების დაცვასა და გაძლიერებას.

მოლაპარაკების ფორმატი

ეროვნული შეთანხმების პროცესის ფარგლებში იქმნება:

10-წევრიანი მედიატორთა საბჭო;

ხელისუფლების 10-წევრიანი მოლაპარაკების ჯგუფი;

ოპოზიციის 10-წევრიანი მოლაპარაკების ჯგუფი.

III. მედიატორთა საბჭოს ფორმირება და ლეგიტიმაცია მედიატორთა საბჭოს წევრები წარმოადგენენ საზოგადოებას და არ შეიძლება იყვნენ მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირები ან პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები. მედიატორთა საბჭოს ლეგიტიმაცია ხორციელდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის 10-10 წევრიანი ჯგუფების მიერ საბჭოს სრული შემადგენლობის დამტკიცებისა და შესაბამის აქტზე ხელმოწერის გზით. მედიატორთა საბჭო უფლებამოსილია საქმიანობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შემადგენლობა წერილობით იქნება აღიარებული ორივე მხარის მიერ. მედიატორთა საბჭოს შემადგენლობის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა კონსენსუსით.

შეთანხმების მიზანი

ეროვნული შეთანხმების მიზანია:

პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაწყვეტა;

საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა;

პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება;

არჩევნების შედეგების საყოველთაო აღიარების უზრუნველყოფა.

თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეების გადახედვა

იქმნება დამოუკიდებელი სამართლებრივი შეფასების მექანიზმი, რომელიც განიხილავს:

2024 წლის შემდეგ პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების კონტექსტში თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეებს;

აგრეთვე იმ პირების საქმეებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში ან საერთაშორისო დონეზე არსებობს ან არსებობდა პოლიტიკური მოტივაციის, შერჩევითი სამართლის ან მართლმსაჯულების სამართლიანობის შესახებ არსებითი დავა.

მექანიზმის მიზანია თითოეული საქმის ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება. ეროვნული შეთანხმების პროცესის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი შერიგების მიზნით, ხელისუფლებას უფლება აქვს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის ამნისტიის, შეწყალების ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შესაძლებლობა. ამგვარი გადაწყვეტილება განიხილება როგორც ეროვნული შეთანხმების პროცესისადმი კეთილი ნების გამოვლენა და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის ხელშემწყობი ნაბიჯი.

ახალი არჩევნები

მხარეები თანხმდებიან, რომ ეროვნული შეთანხმების პროცესის საბოლოო ეტაპი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. არჩევნები ინიშნება ეროვნული შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ. ახალი არჩევნების ჩატარების მიზანია პოლიტიკური პროცესის მიმართ არსებული უთანხმოების დემოკრატიული გზით გადაწყვეტა და ხელისუფლების ფორმირების საკითხზე საზოგადოებისთვის საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა. ახალი საპარლამენტო არჩევნები ტარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოქმედი საარჩევნო სისტემისა და სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე. მხარეები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის საარჩევნო მოდელი წარმოადგენს ბოლო სრულად განხორციელებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე ამომრჩევლებისთვის და რომლის პირობებშიც პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ არჩევნებში. 2024 წლის მოდელის გამოყენების მიზანია საარჩევნო წესებთან დაკავშირებული დამატებითი პოლიტიკური დავების თავიდან აცილება და სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია მხოლოდ იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც ემსახურება საარჩევნო პროცესის თავისუფლების, გამჭვირვალობის, კონკურენტულობისა და სამართლიანობის დამატებით უზრუნველყოფას. VII. საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო მართლმსაჯულება საარჩევნო კანონმდებლობა ბრუნდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოქმედ სამართლებრივ მდგომარეობაზე. დამატებით განისაზღვრება, რომ:

საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა;

ამომრჩევლის იძულება ან დაშინება;

ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა;

საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბება;

საარჩევნო შედეგებზე უკანონო ზემოქმედება;

ყველა შემთხვევაში წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება კანონით. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება სასამართლოს არანაკლებ სამმოსამართლიანი შემადგენლობის მიერ. არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხორციელდება შემჭიდროებულ ვადებში, სრული საჯაროობისა და გამჭვირვალობის პირობებში. VIII. კანონმდებლობასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები მედიატორთა საბჭოს ფორმირებისა და მისი ლეგიტიმაციის მომენტიდან, ეროვნული შეთანხმების პროცესის დასრულებამდე, შეჩერდება:

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის აღსრულება;

„ფარას“ კანონის აღსრულება;

„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2024 წლის შემდეგ შეტანილი შესაბამისი ცვლილებების აღსრულება;

სისხლის სამართლის კოდექსში 2024 წლის შემდეგ შეტანილი შესაბამისი ცვლილებების აღსრულება;

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება;

პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სადავო ნორმების აღსრულება.

ასევე შეჩერდება აღნიშნული ნორმების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი წარმოებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება საერთო კრიმინალურ დანაშაულს.

ეროვნული შეთანხმების პროცესში მხარეთა ვალდებულებები

ხელისუფლების ვალდებულებები

ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ:

არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით დევნას;

არ დაიწყებს ახალ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივ წარმოებებს იმ საკითხებზე, რომლებიც ეროვნული შეთანხმების საგანს წარმოადგენს;

არ გამოიყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად;

უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას.

ოპოზიციის ვალდებულებები

ოპოზიცია ვალდებულებას იღებს, რომ:

ყველა აქცია და პოლიტიკური ღონისძიება წარიმართოს მშვიდობიანი ფორმით;

უზრუნველყოს მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მშვიდობიანი ხასიათი;

არ დაუშვას ძალადობის, არეულობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალისმიერი ზემოქმედების წახალისება;

არ განახორციელოს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლისკენ მიმართული ქმედებები. არ გაავრცელოს მოწოდებები ძალადობის ან ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის შესახებ.

საერთო ვალდებულებები

მხარეები აღიარებენ, რომ ხელისუფლების ფორმირების, ცვლილებისა და განახლების ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მოლაპარაკებების პროცესის კონფიდენციალურობა და შეთანხმებების საჯარო კომუნიკაცია

მხარეებს ეკრძალებათ:

მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ კომენტარების გაკეთება;

განსახილველი საკითხების საჯარო განხილვა;

მონაწილეთა პოზიციების ან შუალედური შეთანხმებების გასაჯაროება;

ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების პროცესზე.

შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესახებ საჯარო განცხადება კეთდება მედიატორთა საბჭოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ხელისუფლების ერთი წარმომადგენლისა და ოპოზიციის ერთი წარმომადგენლის ერთობლივი საჯარო განცხადებით. მედიატორთა საბჭო ვალდებულია სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, არსებული მიზანშეწონილობის ფარგლებში, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მოლაპარაკებების პროცესისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მიღწეულ შეთახმებებზე ინფორმაცია საზოგადოებას წარედგინება მედიატორთა საბჭოს წარმომადგენლის, ხელისუფლების წარმომადგენლისა და ოპოზიციის წარმომადგენლის ერთობლივი განცხადებით. მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა მხარისთვის და ექვემდებარება კეთილსინდისიერ შესრულებას.

არჩევნების შედეგების აღიარება

ეროვნული შეთანხმების მონაწილე ყველა მხარე წინასწარ იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიაროს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება. არჩევნების შედეგების აღიარება სავალდებულოა ყველა მხარისთვის, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

არჩევნები ჩატარდება ეროვნული შეთანხმების საფუძველზე შეთანხმებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად;

უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური სუბიექტების თავისუფალი და თანასწორი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში;

არჩევნები ჩატარდება კონკურენტულ გარემოში;

უზრუნველყოფილი იქნება მედიის, დამკვირვებლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თავისუფალი საქმიანობა;

არ დადგინდება მასობრივი დარღვევები, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე;

დასრულდება არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების განხილვა;

არჩევნების კონკურენტული და დემოკრატიული ხასიათი დადასტურდება დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებით.

მხარეები თანხმდებიან, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება მხოლოდ სამართლებრივი და დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში. მხარეები წინასწარ აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი შესაძლებელია მხოლოდ ისეთი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, რომლებმაც აშკარად, არსებითად დაადასტურეს არჩევნების შედეგების ცვლილება ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საბოლოო შედეგზე.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია:

პარალელური ლეგიტიმაციის პრეტენზიის წამოყენება;

ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილების მცდელობა;

არჩევნების შედეგების ძალისმიერი გზით შეცვლისკენ მოწოდება ან მოქმედება;

სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზების ან მათი ფუნქციონირების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული ქმედებები.

არჩევნების საბოლოო შედეგების აღიარების შემდეგ ყველა მხარე ვალდებულია ხელი შეუწყოს ხელისუფლების მშვიდობიან და კონსტიტუციურ გადაცემას ან უფლებამოსილების გაგრძელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მედიატორთა საბჭო და საერთაშორისო მონიტორინგის პროცესში ჩართული ორგანიზაციები არჩევნების დასრულების შემდეგ ამზადებენ ერთობლივ შეფასებით ანგარიშს ეროვნული შეთანხმების შესრულებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.

XII. მოლაპარაკებების ვადები

მედიატორთა საბჭო ვალდებულია მოლაპარაკებების დაწყებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმების მიღწევა. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება ხელოვნურად გააჭიანუროს პროცესი ან დაბლოკოს უკვე მიღწეული შეთანხმებები.

XIII. არჩევნების ვადა

ეროვნული შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ ახალი საპარლამენტო არჩევნები ტარდება არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

XIV. საერთაშორისო მხარდაჭერისა და მონიტორინგის მექანიზმი

ეროვნული შეთანხმების პროცესის გამჭვირვალობის, ნდობისა და საერთაშორისო სანდოობის უზრუნველსაყოფად, მხარეები იწვევენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს პროცესის დამკვირვებლისა და მრჩევლის სტატუსით.

საერთაშორისო მონაწილეთა ამოცანაა:

შეთანხმების პროცესის მონიტორინგი;

მედიაციის პროცესის მხარდაჭერა;

მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება;

შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა;

საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მომზადება.

საერთაშორისო მონაწილეები არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს და არ ერევიან ეროვნული შეთანხმების შინაარსობრივ ნაწილში. მათი მონაწილეობა ემსახურება პროცესის მიმართ ნდობის გაძლიერებასა და შეთანხმების შესრულების დამოუკიდებელ შეფასებას.

მედიატორთა საბჭოს მანდატი

მედიატორთა საბჭოს მანდატი იწყება მისი ფორმირების მომენტიდან. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საბჭო აგრძელებს საქმიანობას შეთანხმების შესრულების მონიტორინგის, შესაძლო კრიზისების პრევენციისა და მხარეთა შორის მედიაციის მიზნით. მედიატორთა საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის შემდეგ.

დასკვნითი დებულება

ამ აქტის მიზანია არა რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვება ან დამარცხება, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი თანხმობის აღდგენა და პოლიტიკური პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება. მხარეები აღიარებენ, რომ საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესით, კანონის უზენაესობის პრინციპით, თავისუფალი არჩევნებითა და ქართველი ხალხის ნებით.

← მთავარი