← მთავარი
საზოგადოება

190-მდე ექიმი მოუწოდებს სახელმწიფოს: დიუშენის დისტროფიის პაციენტებს მხარი დაუჭირეთ

14 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
190-მდე ექიმი მოუწოდებს სახელმწიფოს: დიუშენის დისტროფიის პაციენტებს მხარი დაუჭირეთ

190-მდე ექიმი ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ, პაციენტებთან ღირსეული კომუნიკაცია დამყარდეს, იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა შემუშავდეს და სახელმწიფომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტების საჭიროებებს დროულად უპასუხოს.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველი დაავადებაა. მისი მართვა მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან — ისინი ქუჩაში იბრძვიან სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისთვის. ეს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ჰუმანური და მორალური პრობლემაა,” — ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

ექიმები სახელმწიფოს სამ ამოცანას ასახელებენ: პაციენტებთან და ოჯახებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; იშვიათ დაავადებათა სამართლიანი მართვის პოლიტიკის შემუშავება; და დაუყოვნებელი, ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე.

შეგახსენებთ, სამ კვირაზე მეტია დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათენებენ. მათი მოთხოვნაა, მთავრობამ სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტი ჩამოიტანოს და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მშობლებს შეხვდეს.

← მთავარი