ეპშტეინის ფაილებში 11 წლის წინ გაუჩინარებული მოდელის სახელი ამოტივტივდა
ჯეფრი ეპშტეინის სკანდალური ფაილებიდან ახალი დეტალი ამოტივტივდა: 11 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას სახელი გამოძიების მასალებში ფიგურირებს.
„მიშელი”, რომლის გვარსაც სამართალდამცავები ამ ეტაპზე არ ასახელებენ, 22 წლის ასაკში, 2015 წლის სექტემბერში გერმანიაში მდებარე საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. გამოძიების მიხედვით, მას კავშირი ჰქონდა მოდელების სკაუტ დანიელ სიადთან, რომელიც ეპშტეინთან დაახლოებული იყო. სიადი ეპშტეინს მოდელების ფოტოებსა და ზომებს უგზავნიდა. ერთ-ერთ ელ-წერილში, სადაც მიშელის ფოტოებიც ერთვოდა, სკაუტი პედოფილ მილიარდერს წერდა: „ის ძალიან მოგეწონებათ.”
ამ ეტაპზე არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ მიშელი და ეპშტეინი ოდესმე ერთმანეთს შეხვდნენ. სიადი ამჟამად საფრანგეთშია — მას ეპშტეინისთვის ქალების მიყვანასა და მათი ექსპლუატაციაში დახმარებას ედავებიან, თუმცა ბრალს არ აღიარებს.
„ვფიქრობ, ის აღარ არის ცოცხალი. მას რაღაც დაუშავეს,” — განაცხადა გაუჩინარებული გოგონის დედამ. ეპშტეინის ორი ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ მიშელი მათ არასდროს უნახავთ.
ახლად გასაჯაროებული ფაილებიდან სხვა დეტალებიც ირკვევა. ყოფილი მოდელი ლიზა ფილიპსი ამბობს, რომ ეპშტეინმა ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს პრინც ენდრიუსთან სექსუალური კავშირი აიძულა, რამაც გოგონას მძიმე ტრავმა მიაყენა. პრინცი ენდრიუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
მილიარდერ ბილ გეითსთან დაკავშირებული ეპიზოდიც ფიგურირებს — კონგრესისთვის ახსნა-განმარტების მიხედვით, ეპშტეინმა მის პირად ცხოვრებაზე ინფორმაცია გამოიყენა და მის დაშანტაჟებას ცდილობდა.
ჯეფრი ეპშტეინი, რომელსაც ბავშვთა სექს-ტრეფიკინგი ედებოდა ბრალად, 2019 წელს ციხის საკანში გარდაიცვალა.