← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ინგლისი 2:1 დრ კონგო. როგორ იხსნა კეინმა "ლომები" სირცხვილისგან | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ინგლისი 2:1 დრ კონგო. როგორ იხსნა კეინმა

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

ინგლისი 2:1 დრ კონგო

01.07. ატლანტა. “მერსედეს-ბენც არენა”. 69 237 მაყურებელი

გოლები: 0:1 სიპენგა (7. მბემბას პასით), 1:1 კეინი (75. გორდონის პასით), 2:1 კეინი (86. გორდონის პასით)

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი 6.2* - სპენსი 6.3 (70. ეზე 6.6), კონსა 7.5, გეჰი 7.9, ო’რაილი 6.4 - ანდერსონი 8.0, რაისი 8.4 (90+1. სტოუნზი) - მადუეკე 8.0 (61. საკა 6.7), ბელინგემი 7.0, რაშფორდი 6.8 (61. გორდონი 7.9) - კეინი 8.4

მწვრთნელი: თომას ტუხელი

დრ კონგო (4-3-3): მპასი-ნზაუ 7.3 - ვან-ბისაკა 7.0, მბემბა 6.8, ტუანზებე 6.0, მასუაკუ 6.3 (89. ჟ. კაიემბე) - მუკაუ 6.0 (76. ე. კაიემბე 6.5), მუტუსამი 6.3 (89. მაიელე), სადიკი 5.9 - მბუკუ 6.2 (64. ელია 6.0), სიპენგა 6.8 (76. ბონგონდა 6.3), ვისა 6.2

მწვრთნელი: სებასტიენ დესაბრი

გაფრთხილება: ბელინგემი (19), სადიკი (27)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჰარი კეინი (ინგლისი)

არბიტრი: ა. მახადმეჰი (იორდანია)

ჰარი კეინი რომ არა, ინგლისის ნაკრები ჩაალაგებდა ჩემოდნებს და მუნდიალიდან შინ ნაადრევად დაბრუნდებოდა შერცხვენილი. ბრაიან სიპენგას გოლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები უგებდა დიდ ფავორიტს, თუმცა მეორე ტაიმში კეინის კლასს და საგოლე ალღოს დანებდა.

ინგლისის ნაკრებში თითქოს არაერთი ვარსკვლავია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასეთად მხოლოდ კეინი წარმოჩინდება ხოლმე. თომას ტუხელს უკვე მძაფრად კი აკრიტიკებს ინგლისური მედია, მაგრამ სამართლიანობას სად წაუვალთ და, დავწეროთ ისიც, რომ ორი “ასისტი” მიითვალა ენტონი გორდონმა, ვინც მეორე ტაიმში ჩართო საქმეში გერმანელმა დამრიგებელმა მარკუს რაშფორდის ნაცვლად.

ინგლისმა ბოლოს კი გაიხარა, მაგრამ ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდება “აცტეკაზე” მასპინძელი მექსიკის ბარიერის დაძლევა, თუ კეინს პარტნიორები არ შეეშველნენ. ჰარი, მისი უდიდესი კლასის მიუხედავად, მაინც ჩვეულებრივი მოკვდავია და მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი.

კონგოელებს კი მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნით. ცოტა რომ გამართლებოდათ და ინგლისს კეინი არ ჰყოლოდა, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის ავტორები გახდებოდნენ.

ფაქტები

სებასტიან დესაბრის ხელმძღვანელობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა ინგლისამდე 57 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გაშვებული ერთზე მეტი გოლი.

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საპლეიოფო სტადიაზე ორჯერ ეთამაშა აფრიკულ ნაკრებს და ორივე შეხვედრა მოიგო - 1990 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში კამერუნს 3:2 მოუგო დამატებით დროში, ხოლო 2022 წელს 1/16 ფინალში 3:0 დაამარცხა სენეგალი.

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 10-ჯერ დაუპირისპირდა აფრიკულ ნაკრებებს და არცერთხელ არ დამარცხებულა. ამასთან, ინგლისელებმა მხოლოდ 3 შემთხვევაში ვერ შეძლეს კარი “მშრალად” შენახვა.

ჰარი კეინმა მე-13 გოლი გაიტანა მუნდიალების ფინალურ ეტაპებზე და ორი ბურთით გაუსწრო გარი ლინეკერს, თუმცა პლეი-ოფებში გატანილი გოლებით ჯერაც ლინეკერი ლიდერობს 6 გოლით. კეინს 5 ბურთი აქვს გატანილი.

← მთავარი