„მამუკა მდინარაძის ტყვე ვარ” — ელისო კილაძის საქმე „ქოლცენტრებისგან” გამოეყო, განხილვა დაიხურა
ელისო კილაძის სასამართლო პროცესი „ქოლცენტრების” ე.წ. დიდი საქმიდან გამოიყო — მის ეპიზოდს ახლა სხვა ბრალდებულებისგან განცალკევებულად განიხილავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა. „ქრონიკა პლუსის” და „სინიუსის” მთავარ რედაქტორს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად — სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით. ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით, კილაძე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია. ჯგუფში ასახელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს. კილაძე ბრალს არ აღიარებს.
საქმე გამოეყო, რადგან, პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, კილაძის ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, დანარჩენებისა — ჯერ კიდევ არა.
კილაძის განცხადება
სხდომაზე ელისო კილაძემ განაცხადა:
„მეუბნებიან, რომ თაღლითი ვარ, ვარ ფულის გამთეთრებელი — უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე. ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა — „ქრონიკა პლუსი” დახურულია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე.”
კილაძემ ასევე მიუთითა, რომ სამი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ეკრძალება. მისი თქმით, გამოძიებამ სამი თვე ვერ მოიპოვა მასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება.
„ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ — ბრძოლა, რომელიც დაიწყო, ბოლომდე მივა”, — განაცხადა მან.
სხდომა დაიხურა
პროცესის დახურვა პროკურორმა მოწმეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოითხოვა: მათი ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიემართება და გასაჯაროება მათ სიცოცხლეს შეიძლება საფრთხეს შეუქმნიდა. კილაძის მოთხოვნა საჯარო განხილვაზე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.
კანონის მიხედვით, სხდომის დახურვა შეიძლება, თუ მოწმეთა ან მათი ახლობლების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება. მსგავსი გადაწყვეტილება „ქოლცენტრების” მთავარ საქმეზეც მიიღეს — მაშინ სხდომა მოსამართლე ევა ბარბაქაძემ დახურა.
ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულებს შორის არიან ასევე ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები.