ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს — ექიმის კომენტარი
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ მოინახულეს პაციენტი, შეხვედრა ჰქონდათ „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორთან, რომელთანაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისა და დიაგნოზის შესახებ ისაუბრეს. მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა“ და პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმეს უახლოესი დღეების მანძილზე ჩასატარებელი კვლევები.
„მასთან ვისაუბრეთ ელენეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გვქონდა ძალიან კოლეგიალური საუბარი, დავგეგმეთ უახლოესი დღეების მანძილზე ჩასატარებელი კვლევები. ამ ეტაპისთვის [ჩატარდა] მხოლოდ გარკვეული საბაზისო რუტინული ლაბორატორიული კვლევები, რომლის პასუხებიც სავარაუდოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში უკვე იქნება. ამის პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთანაც, რომლებთანაც უკვე დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს და ასევე უფრო ვიწრო სხვადასხვა მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს.
ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ის ჩვეულ მდგომარეობას,“ — განაცხადა ანი ქავთარაძემ.
ნინო ნადირაძე: ჩვენი კლინიკის იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა, თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება ელენე ხოშტარიას
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა