ნინო ნადირაძე: ჩვენი კლინიკის იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა, თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება ელენე ხოშტარიას
კლინიკა “ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე “ტვ პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მათი კლინიკის მხოლოდ ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, მის მკურნალობას კი მკურნალი ექიმი წარმართავს.
“ჩვენი კლინიკა იქნება მხოლოდ მათთვის ინფრასტრუქტურა. თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება ელენე ხოშტარიას, ის მიხედავს და ყველა კითხვა მიმართეთ მის მკურნალ ექიმთან. შემდგომში ჩვენ მხოლოდ ინფრასტრუქტურას, უზრუნველვყოფთ და თუ რაღაცა ტექნიკურად დასჭირდებათ, სხვა მხრივ ჩვენი მონაწილეობა მანდ არ იქნება. პენიტენციურ დაწესებულებასთან ასეთი ტენდერი მოვიგეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ პაციენტს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში ვუდგავართ გვერდით, დანარჩენი, კლინიკურ ნაწილში, სრულად მათ მიერ მოყვანილი ექიმები განახორციელებენ ზედამხედველობას და მკურნალობას. ყველა პაციენტი ჩვენთვის ერთნაირი უფლებებით სარგებლობს, განსხვავებას არასოდეს არ ვაკეთებთ არავისთვის”, — განაცხადა ნინო ნადირაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, როდის გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკა “ვივამედში”, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ აქვს.
“მართლა არ ვიცი. ჩვენ წინასწარ მაგას არ გვეუბნებიან, როდესაც მოჰყავთ ეტაპირებით პაციენტები, ჩვენ ემერჯენსიში ვგებულობთ, რა გვარი შემოდის. ჩვენ წინასწარ არასოდეს არ ვიცით არავინ, შემოჰყავთ, გაჰყავთ და ასე შემდეგ”, — განაცხადა ნინო ნადირაძემ (სტილი დაცულია).
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია რუსთავის N5 ქალთა დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” უნდა გადაიყვანონ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ 30 ივნისს განაცხადა.
ელენე ხოშტარიას კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანენ