შესაძლოა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს – ადვოკატი
ციხეში პარტია დროას თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადეს.
თუთბერიძის თქმით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.
ადვოკატი ამბობს, რომ ექიმების შეფასებები და რეკომენდაციები მიღებისთანავე, დაახლოებით 2 თვის წინ გადაეცა პენიტენციურ სამსახურს.
“დღევანდელი ბრიფინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ.
უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.
ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია:
სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი. ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.
იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ” - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
გიგა ლემონჯავას განცხადებით, ხოშტარიას “პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს”. მისივე თქმით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ დიპლომატიურ კორპუსსა და ორგანიზაციებს.
ლემონჯავას განცხადებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ”პასუხისმგებლობას რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს” აკისრებენ.
“ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა უკანონოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს, თუმცა ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგელობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აგრეთვე, რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენე ხოშტარიას, აგრეთვე სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ადამიანების შემთხევაში.
ელენეს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ელენეს აქტიურობა სოციალურ ქსელში, მისი ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წერილების მეშვეობით, მისი ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციით, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა მწყობრშია, ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო არ ეგუება რუსულ რეჟიმს, არამედ არ ეპუება მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით, ციხის პირობებშიც. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ელენეს აქტიურობა სოციალურ ქსელში, მისი ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წერილების მეშვეობით, მისი ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციით, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა მწყობრშია, ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო არ ეგუება რუსულ რეჟიმს, არამედ არ ეპუება მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით, ციხის პირობებშიც.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!”. - განაცხადა გიგია ლემონჯავამ, პრესსამსახურის ცნობით.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.