"ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა გარეთ იყო, მაშინაც რთული იყო, მაგრამ ციხეში ყოფნამ ისეთი მძიმე გამწვავებები გამოიწვია, რომ..." - ნიკა გვარამია
“ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, ეს მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლება, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე,“ - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ე.წ. საბოტაჟის საქმის დაწყებამდე განუცხადა.
გვარამიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია ელენე ხოშტარიაც, შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ.
“სათქმელი დღესაც და ვიდრე ამ ვითარებაში ვართ, სულ მექნება ელენე ხოშტარიაზე. დღეს, მე და ჩვენი გუნდი ვაპირებთ, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე. ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს ის და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა, მიიღოს აუცილებელი ზომები. თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ, ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია, რომ შეთანხმებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში არცერთი სხვა საკითხი დღის წესრიგში [არ იქნება], ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კოალიციისთვის დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენს მეგობარზე, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსზე და ოთხი შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე. იმედი მაქვს, რომ ალიანსი ამაში შემოგვიერთდება და ის პოლიტიკური ძალებიც ვინც არ არიან ალიანსში - რაც მთავარია საზოგადოება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რუსთაველი, იყოს ის ადგილები, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მყისიერად. ელენე უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, ეს მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე. ის უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. ჩვენ ეს ვიცით, არა უბრალოდ რაღაც მკითხაობით, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როცა ის გარეთ იყო მაშინაც რთული იყო. სხვათა შორის, არავის უთქვამს, რომ ეს მას ციხეში დაემართა. მისი ჯანმრთელობის კონდიციები იყო რთული, მაგრამ ციხეში ყოფნამ ისეთი მძიმე გამწვავებები გამოიწვია, რომ აუცილებელია მისი სათანადო გარემოში მოქცევა“, - განაცხადა გვარამიამ. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს, გვარამიას თქმით, ახლა მისთვის ელენე ხოშტარიას მდგომარეობაა მთავარი, ხოლო, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში“, არ არის მისი საქმე. “ჩემთვის, ამ წუთში არის ელენეს ვითარება მთავარი, არც ეს სასამართლო პროცესი, არც დანარჩენი არ მაღელვებს. რაც შეეხება იმას, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არ არის ჩემი საქმე. სხვა პარტიაში, რა განვითარებები აქვს მოვლენებს, ამაზე უნდა იფიქროს იმ პარტიამ, რომელშიც ეს მოვლენები ვითარდება“, - განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ “ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.