პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
სპეციალური პენიტენციური სამსახური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სამსახურის განცხადებით, “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება”. სამსახური უარყოფს ხოშტარიას ადოკატის განცხადებას და მათი განცხადებით, მსჯავრდებულს ყველა შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა. მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერსების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით.პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,” — წერს სამსახური. ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. მისივე თქმით, “ყოველი ვიზიტის დროს ადვოკატებისთვის თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს”. შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს