ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ოპოზიციის ალიანსი დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბოს, რომ მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. განცხადება მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მათი აზრით, ოცნება ხოშტარიას თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას არ პატიობს. მათი თქმით, პოლიტიკოსს არ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება.
“ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.
ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია.
რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით.” - წერია განცხადებაში.
ალიანსის თქმით, პენიტენციური სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია და რეჟიმის თითოეულ წევრს მოუწევს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება. განცხადების თანახმად, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.
“პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.
ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
“დროა” პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს 25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.
ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება
ექიმი: ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.