← მთავარი
სპორტი

რატომ იყო შვედური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი იმედგაცრუებული იაპონიასთან მატჩის შემდეგ?

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რატომ იყო შვედური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი იმედგაცრუებული იაპონიასთან მატჩის შემდეგ?

შვედეთისა და იაპონიის მატჩის 1-1 დასრულების შემდეგ, სკანდინავიელთა თავდამსხმელის ენტონი ელანგას დრამატული დაცემა მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილ უდიდეს გულისტკივილს ჰგავდა, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა - მის მიერ გატანილმა ბრწყინვალე გოლმა, გუნდს 32 საუკეთესო ნაკრებს შორის (მერვედფინალში) ადგილი გაუნაღდა, მაგრამ მან ვერ გააცნობიერა, რომ ერთი ქულაც საკმარისი იყო მისი გუნდის პლეი-ოფში გასასვლელად. როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი მოთამაშეებისთვისაც კი ძალიან რთული აღმოჩნდა გასაგებად. მიუხედავად იმისა, რომ F ჯგუფში შვედეთმა მეორეადგილოსან იაპონიაზე ერთი ქულით ნაკლები დააგროვა, ისინი პლეი-ოფში მაინც გავიდნენ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი გუნდი. მოკლედ, ელანგა, რომელმაც, ამ გადამწყვეტი დეტალის შესახებ არაფერი იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. მატჩის მიწურულს ის დაუღალავად მოუწოდებდა თანაგუნდელებს მეორე გოლის გატანისკენ და კუნთის სპაზმსაც კი არ აქცევდა ყურადღებას, რადგან სჯეროდა, რომ მათი მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნის ბედი წყდებოდა.

“უბრალოდ ვყვიროდი: მიდი, წინ, მეტი შეგვიძლია… ბოლოს კუნთი დამეჭიმა, მაგრამ სირბილის შეწყვეტა არ მინდოდა“, - თქვა მან მოგვიანებით და აღიარა, რომ ჯგუფიდან გასვლის შესახებ მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ შეიტყო. ასეთი ზედმეტი მონდომების გამო მან თანაგუნდელ ალექსანდერ ისაკისგან მეგობრული შენიშვნაც კი მიიღო. “შენიშვნა მივეცი, მატჩის ბოლოს ოდნავ გაღიზიანებული იყო და ახლა უკვე გასაგებია, რატომაც“, - განუცხადა ისაკმა ჟურნალისტებს. ამ დაბნეულობაში ელანგა მარტო არ ყოფილა - მეკარემ, იაკობ ვიდელ ზეტერსტრომმა, რომლისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატი პირველია, აღიარა, - მეც ზუსტად იმავე აზრზე ვიყავიო.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, თავდამსხმელის ამ კეთილ განზრახვასა და გაუგებრობაზე ღიმილი ვერ შეიკავა.

“ფეხბურთელებს მატჩის წინ განვუმარტეთ, რომ ფრეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ სხვა რამეზე ფიქრობდა, ყველა ბედნიერი იყო მის გარდა. შემოევლოს ჩემი თავი… ამ მომენტში ის ძალიან მიყვარს, მაგრამ, ღმერთო ჩემო“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან სიცილით. მას შემდეგ, რაც თავის ჯგუფში ნიდერლანდებისა და იაპონიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, შვედეთს ახლა ლოდინი მოუწევს, რათა გაიგოს, ვის შეხვდება პლეი-ოფში. პოტერის გუნდისთვის ჯგუფური ეტაპი არაერთგვაროვანი გამოდგა: სასტარტო მატჩში ტუნისი 5-1 გაანადგურეს, თუმცა ექვსი დღის შემდეგ ზუსტად იგივე ანგარიშით დამარცხდნენ ჰოლანდიელებთან. ხუთშაბათს, იაპონიის წინააღმდეგ, მათ ბევრად გაუმჯობესებული თამაში აჩვენეს, თუმცა ვერ შეძლეს იმ გამარჯვების მოპოვება, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილს განაღდებდათ. მომდევნო ეტაპზე იაპონია ბრაზილიას დაუპირისპირდება, ნიდერლანდები - მაროკოს, შვედეთს კი საკუთარი მეტოქის გასაგებად კიდევ ცოტა ხნით მოუწევს ლოდინი.

ენტონი დევიდ ელანგა უმცროსი: შვედური სისწრაფე და მანჩესტერული სკოლა

ასაკი: 24 წელი პოზიცია: თავდამსხმელი სიმაღლე: 178 სმ წონა: 75 კგ მიმდინარე კლუბი: “ნიუკასლ იუნაიტეტი“

თანამედროვე ფეხბურთში სისწრაფე, ტექნიკა და ათლეტიზმი უმნიშვნელოვანესი თვისებებია. სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით მიიპყრო მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება ახალგაზრდა შვედმა შემტევმა, ენტონი ელანგამ. “მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი დღეს უკვე ბრიტანული “ნიუკასლისა“ და შვედეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

ფეხბურთი სისხლში და ადრეული წლები

ენტონი ელანგა 2002 წლის 27 აპრილს, შვედეთის ქალაქ მალმოში დაიბადა. შეიძლება ითქვას, რომ მას ფეხბურთის თამაში გენეტიკამაც უკარნახა - მამამისი, ჟოზეფ ელანგა, კამერუნის ნაკრების ყოფილი მცველია, რომელმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც კი იასპარეზა. ენტონიმ ფეხბურთის თამაში შვედურ კლუბებში (“ელფსბორგსა“ და “მალმოში“) დაიწყო, თუმცა, როდესაც მისი ოჯახი ინგლისში გადასახლდა, 12 წლის ნიჭიერი ბიჭუნა მალევე შენიშნეს “მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტებმა.

ელანგამ “იუნაიტედის“ ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 2020 წელს კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც (Jimmy Murphy Young Player of the Year) დაიმსახურა. მისი მთავარი დებიუტი და აღიარება რალფ რანგნიკის მწვრთნელობის პერიოდს უკავშირდება. 2021/22 წლების სეზონში ელანგამ ძირითად გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. გულშემატკივრებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ მისი გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის “ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, სადაც მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ ელანგას კამერუნის ნაკრებში თამაშიც შეეძლო (მამის ხაზით), მან გულის კარნახს მოუსმინა და შვედეთის ნაკრები აირჩია, სადაც ასაკობრივი გუნდებიდან მოყოლებული თამაშობდა.

დებიუტი: 2022 წლის მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, ჩეხეთის წინააღმდეგ. პირველი გოლი: 2022 წლის ივნისში, ერთ-ერთ პირველივე მატჩში ნორვეგიის ნაკრების კარში.

შვედეთის ნაკრებში, სადაც თაობათა ცვლის პროცესია, ელანგა ალექსანდერ ისაკთან და ვიქტორ დიოკერეშთან ერთად ქმნის იმ ახალგაზრდულ, დინამიკურ შემტევ ტრიოს, რომელზეც შვედი ქომაგები დიდ იმედებს ამყარებენ.

სათამაშო სტილი და ძლიერი მხარეები

“როდესაც ელანგა მოედანზეა, სივრცეები იხსნება. ის არასოდეს იღლება და ყოველთვის მზად არის მცველებს ზურგს უკან ჩაურბინოს”, - ამბობენ საფეხბურთო ექსპერტები მის შესახებ.

ფენომენალური სისწრაფე: ელანგას ერთ-ერთი მთავარი იარაღი პირველი ნაბიჯი და სპრინტია. უნივერსალურობა: შეუძლია ეფექტიანად ითამაშოს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე. სამუშაო ეთიკა: პრესინგის დროს და დაცვაში დახმარებისას ის ყოველთვის მაქსიმუმს დებს მოედანზე.

ენტონი ელანგა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო წლები წინ არის. შვედური ფეხბურთის ამ ამომავალ ვარსკვლავს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ ევროპული ფეხბურთის ელიტაში კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს ადგილი.

← მთავარი