[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძემ მასპინძელს აჯობა და მერვედფინალშია | Lelo.Ge
გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W50) ერთეულებში ეკატერინე გორგოძე მე-6 ნომრადაა განთესილი. სტარტზე მან კვალიფიკაციიდან აღზევებულ ლუიზა მეიერს (გერმანია) სამ სეტში აჯობა - 7:5, 4:6, 6:0. მერვედფინალში ჩვენებური ფრანგ ქლოე პაკესთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ეკატერინე გორგოძე და იპეკ ოზი (თურქეთი), როგორც ვწერდით, უკრაინელებთან - ანასტასია სობოლიევასა და ანასტასია ზაპარინიუკთან ვერაფერს გახდნენ - 6:3, 3:6, 8:10.
საბა ფურცელაძემ წარმატებით აიღო სტარტი გერმანიის ქალაქ მარბურგში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (M25). ძირითადი ბადის სტარტზე მან ეგვიპტელი მიხაელ ბასემ სობჰი დაამარცხა - 6:3, 6:7, 6:1 და მერვედფინალში გერმანელ კოლვინ მიულერს შეხვდება. საგულისხმოა, რომ ფურცელაძე წყვილებში სწორედ ბასემ სობჰისთან არის შეამხანაგებული და მეოთხე ნომრადაა განთესილი. ქართულ-ეგვიპტურმა ტანდემმა პირველ წრეში მასპინძლები - ბენ კრონაუ და დილან ლევის შლოესერი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:0. ფურცელაძე და ბასემი მეოთხედფინალში ოლეკსიი კრუტიხსა (უკრაინა) და იმანოლ ლოპეს მორილოს (ესპანეთი) შეხვდებიან.
თურქეთის ქალაქ კაისერიში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ნიკა ბიძინაშვილმა ორი მეტოქე დაამარცხა და მთავარ ბადეში მოხვდა, მაგრამ აქ, ასევე, კვალიფიკაციიდან აღზევებულ დენის ვიშენჩუკ ვიშენკოსთან წააგო - 3:6, 3:6. ამავე ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას ალექსანდრე შვანგირაძე. ერთეულთა სტარტზე იგი მასპინძელი ბორა სენგულთან დამარცხა - 6:7, 4:6. წყვილებში შვანგირაძემ და იტალიელმა ლეონარდო კატანეომ საუდის არაბეთის წარმომადგენლები - ბოუდ ალჰოგბანი და ბეიდა იდრისი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:3, შემდეგ კი მესამე ნომერ თურქებს მელიხ ანავათანსა და ქერიმ იილმაზს არ გამოუცხადნენ სათამაშოდ.
პორტუგალიის ქალაქ ელვაშის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (W50) ზოზია ქარდავა მთავარი ბადის სტარტზე სლოვაკ კატარინა კუზმოვას ვერ გაუმკლავდა - 7:5, 2:6, 3:6. წყვილებში ქარდავა იტალიელ კატარინა ოდორიზისთან ერთად ანასტასია კულიკოვასა (ფინეთი) და ანგელინა ვოლოშჩუკთან (პორტუგალია) გაარკვევს ურთიერთობას.
საფრანგეთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W35) ერთეულთა პირველ წრეში სოფიო შაფათავამ 19 წლის მასპინძელი ჟუსტინ ბრეტნაჩერი დაჯაბნა - 6:3, 6:2. მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იასმინ კაბაის (მაროკო) დაუპირსპირდება.