ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო მედიკამენტ “ჯაკავს” დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ, პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD - “ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ”. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი “ჯაკავი” უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის”. - ნათქვამია განცხადებაში.