← მთავარი
სპორტი

[ძიუდო. ევროპის თასი. ახალგაზრდები] შვიდი მედალი პრაღაში!

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ძიუდო. ევროპის თასი. ახალგაზრდები] შვიდი მედალი პრაღაში!

პრაღაში, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასის მეორე და დასკვნით დღეს ჩვენმა ნაკრებმა ფრიად წარმატებით იასპარეზა: პირველ დღეს თუ 2 ბრინჯაო გვქონდა, მეორე დღეს 5 მედალი მოვიპოვეთ: თითო - ოქრო-ვერცხლი და 3 - ბრინჯაო.

ამით ირაკლი ცირეკიძის გუნდის საბოლოო მონაგარი 7 მედალი გახდა - 1 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 5 - ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მე-6 ადგილზეა, კონკრეტულად ბიჭებში კი - მესამეზე.

ჩეხეთში ჩვენგან ჩემპიონი გიორგი გელაშვილი გახდა 100 კილოგრამში. მეორეზე ლუკა თევდორაძე (90) გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე ვახტანგიშვილი (81), ნიკოლოზ ზაალიშვილი (100) და გიორგი ქარჩაიძე (+100) დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა ბრინჯაოსთვის პაექრობაში თანაგუნდელი დავით პაპუკიშვილი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მესამე პრიზიორები ლუკა ომანაძე (60) და საბა საბაშვილი (66) გახდნენ.

დღეს პრაღაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები 100 კილოგრამში მოხდა, სადაც 3 კაცი გვყავდა და სამივემ იჭიდავა მედლისთვის. ამ ტრიოდან 2 ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც ასევე 2 აზერბაიჯანელი იყო და ქართულ-აზერბაიჯანული ნახევარფინალები გაიმართა.

გელაშვილმა ამ მეზობლურ დაპირისპირებაში ბოლომდე შეგვინახა ღირსება - ჯერ დავუდ ნამაზლის მოუგო, შემდეგ კი ფინალში ჯანპოლად ალიევსაც აჯობა, ვინც მანამდე ზაალიშვილს მოუგო.

რაც შეეხება თევდორაძეს, ის ფინალში იტალიელ კრისტიანო მინკინესისთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში ჩვენგან მხოლოდ ბიჭების გუნდი გამოდიოდა.

← მთავარი