← მთავარი
სპორტი

[ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები] უიღბლო დასაწყისი გრან კანარიაში

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები] უიღბლო დასაწყისი გრან კანარიაში

29 ივნისს ესპანურ გრან კანარიაში დაიწყო ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, სადაც საქართველოს 20-კაციანი ნაკრებიც გამოდის - 10-10 ბიჭი და გოგონა.

სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ცუდი სტარტი აიღო და პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. არადა, 4 ქართველი ჭიდაობდა - 3 ვაჟი და 1 - გოგონა.

ამ კვარტეტიდან მედალს მხოლოდ გიორგი ავალიანი მიუახლოვდა 60 კილოგრამში - ქვეჯგუფი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ამის შემდეგ მედლამდე დარჩენილი ორივე პაექრობა წააგო და მე-5 ადგილზე დარჩა.

ავალიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მალტელი მიგელ მინტოფი დააიპონა, ლატვიელ ბოგდანს ჩერვინსკის იუკოთი აჯობა, მეოთხედფინალში კი ბულგარელი მაჰმუდ ჯაფარი ვაზარით დაამარცხა.

ნახევარფინალი მარათონული გამოდგა უკრაინელთა მომავალ ჩემპიონ ხაზარ ჰეიდაროვთან - 8 წუთს გაგრძელდა. ამასთან მეტოქეც სერიოზული ჰყავდა - ჰეიდაროვი ევროპისა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შარშანდელი გამარჯვებული და ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი.

დაძაბულ ჯახში საბოლოოდ ავალიანი მოხსნეს. სამწუხაროდ, ჩვენებური ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც დამარცხდა შვეიცარიელ ტიმეო კორისთან და უმედლოდ დარჩა.

55 კილოგრამში საბა ნოზაძე გამოდიოდა და პირველივე წრეში დამარცხდა თურქ სულეიმან დოგრუსთან. ნიკოლოზ მუშტარაულმა (55) პირველი წრე კი გადალახა - ხორვატი იონა ზვორცი დააიპონა, მაგრამ მეორე პაექრობა ვაზარ-იპონით წააგო სომეხ ნარეკ დავთიანთან. პირველ წრეში დამარცხდა ნატალი იაშვილიც (48) - ავსტრიელ ლაურა-სოფიე კუნიკთან წააგო.


30 ივნისს გრან კანარიაში ვაჟებში 66-73, ხოლო გოგონებში 52-57 კილოგრამების წარმომადგენლები იასპარეზებენ ევრომედლებისთვის, მათ შორის კი 7 ქართველიც იქნება.

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი გიორგი კაპანაძე (66) პიირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შვეიცარიელ ლეონარდ დობრაუზსა და ლიეტუველ როკას მაკულავიჩიუსს შორის მოგებულს შეხვდება.

ამავე წონაში ვატო მორბედაძეც გვყავს, რომელიც ბადის მეორე მხარესაა, ტურნირში კი ისიც მეორე წრიდან ჩაებმება. იქ მისი მეტოქე შვეიცარიელი ალექსანდრ მულერი იქნება.

განთესილია და პირველ წრეში ისვენებს გიორგი მჭედლიშვილიც (73). მეორე წრეში ის გერმანელ ჰანეს შერერისა და ბერძენ მაქსიმოს კოუნტოს წყვილიდან გასულს შეხვდება.

გოგონათა ორივე წონაში 2-2 მონაწილე გვეყოლება. ცუდი ისაა, რომ 52 კილოგრამში სალომე მერკვილაძე და მარიამ გულიაშვილი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. გულიაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ბულგარელ ემა ვასილიევასა და ლუქსემბურგელ სუკაინა მორეირას წყვილიდან გასულს შეხვდება.

მერკვილაძე პირველივე წრეში იჭიდავებს უკრაინელ კატერინა კოტოვასთან და თუ მოუგებს, მერე მერვედფინალში თურქ აისენურ ბოსკუპსა და ესპანელ მარი რობლეს გასკეს შორის მოგებულთან იჭიდავებს. ჩვენებურთა გზები მეოთხედფინალში იკვეთება და მთავარიც იქამდე მისვლაა.

შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი ჭაბუკებში თბილისის ევროპის თასის წლევანდელი გამარჯვებულია, ხოლო მერკვილაძე - მესამე პრიზიორია. მაშინ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მერკვილაძემ კი დამამშვიდებელში ზემოხსენებული ლუქსემბურგელი მორეირა დაამარცხა.

57 კილოგრამშიც 2 მონაწილე გვყავს, თუმცა ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და ფინალამდე არ შეხვდებიან ერთმანეთს. ორივე მათგანი პირველივე წრიდან აიღებს სტარტს.

სოფიო თათრიშვილი პირველ წრეში ლიეტუველ იევა ბრაზინსკაიტეს შეხვდება, მეორეში გასვლისას - რუმინელ მარია რუსუს და ფრანგ ჰელეა ბაილეს შორის მოგებულს.

თბილისის ევროპის თასის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ლიზი სიმონია პირველად სლოვენიელ ტიასა ლოგონდერს დაეჭიდება და თუ მოუგებს, მეორე წრეში ჩეხ ლუციე ცეპელაკოვას და ბერძენ დანაი დიმოუს დუეტიდან უძლიერესს შეხვდება.

ამათგან ორი მეტოქე მისთვის კარგადაა ნაცნობი: ჩეხთან წლეულს პოლონეთის ტურნრზე დამარცხდა, ხოლო სლოვენიელს იმავე შეჯიბრებაზე დამამშვიდებელში აჯობა.

← მთავარი