ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ძმები კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბუსა (ბესარიონ) ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
ბრალდებულების ადვოკატის, დავით კუტალაძის განცხადებით, გამოძიების ვადა რამდენჯერმე ბრალდების მხარის მოთხოვნით გახანგრძლივდა, თუმცა ამ დრომდე ახალი, არსებითი მტკიცებულება არ მოპოვებულა:
„ეს სტანდარტული პროცედურაა 109-ე მუხლის დროს. ბრალდება აბსოლუტურად მოგონილია, რეალობასთან შეუსაბამო და ველოდებით, რომ მათ უდანაშაულობას დავამტკიცებთ,“ — აღნიშნავს ადვოკატი.
ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები ამჟამად სხვა საქმეზე (არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე) 9-წლიან სასჯელს იხდიან. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ტექნოლოგიური პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს.