← მთავარი
საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ თბილისში წყალდიდობა და ზიანი გამოიწვია

19 აგვისტო, 2026 · წყარო: civil.ge
ძლიერმა წვიმამ თბილისში წყალდიდობა და ზიანი გამოიწვია

14 აგვისტოს გვიან ღამით თბილისში მოსულმა ძლიერმა და ხანგრძლივმა წვიმამ გზები, სარდაფები, სახლები და მეტროსადგურები დატბორა, და ქალაქში მიწის ჩამოშლა და კედლებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

მართალია, ძლიერმა წვიმებმა ზაფხულში უკვე რამდენჯერმე დატბორა ქალაქის ქუჩები, ბოლო წვიმა, როგორც ჩანს, ყველაზე ძლიერი იყო ზარალის თვალსაზრისით.

თბილისის მერიამ 15 აგვისტოს დილით ადრე განაცხადა, რომ ქუჩების გაწმენდის სამუშაოები „საგანგებო რეჟიმში“ მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით, სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ წვიმამ ათივე რაიონში „პრობლემები“ გამოიწვია, მათ შორის გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი.

მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში.

14 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძლიერი წვიმის დროს გამოქვეყნებულ განცხადებაში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ 14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს“, – განაცხადა სააგენტომ.

← მთავარი