← მთავარი
სამართალი

"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

“დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული” — პარტია ძლიერი საქართველო — ლელო სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის განაჩენს ეხმაურება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს და ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ამასთან, აცხადებენ, რომ ელისაშვილის ტერორიზმის ბრალდება სარწმუნო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და მას “ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებენ.

“დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული.

ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.

ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.

ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.

ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.

ძლიერი საქართველო — ლელო სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახსა და მეგობრებს.

გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება — გარდაუვალი!

რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას რეპრესიებით ინარჩუნებენ, ისტორიულად არსებობის შეზღუდული ვადა აქვთ.

მალე დადგება დღე, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველოში აღდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია,” — წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოფიციალური ბრალდების მიხედვით, ელისაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებოდა. აღნიშნული მუხლი ტერორისტული აქტის მომზადებას ან მცდელობას შეეხება და ითვალისწინებს ისეთი ქმედების ჩადენას, როგორიცაა აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა მსგავსი მოქმედება ტერორისტული მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან იწვევს მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს. მუხლი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე

ალეკო ელისაშვილი : სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები

ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის

← მთავარი