← მთავარი
საზოგადოება

„დღეს თუ ჯაბა ცოცხალია, ეს უფლის წყალობაა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გვერდში გვიდგას“ - ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„დღეს თუ ჯაბა ცოცხალია, ეს უფლის წყალობაა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გვერდში გვიდგას“ - ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე

რედაქციაში წერილი მოვიდა, რომლის ავტორიც შშმ პირის, ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძეა.

ჯაბა 3 დღის იყო, სამშობიაროს თანამშრომელს ხელიდან რომ გაუვარდა. ამის შემდეგ მისი მკურნალობაც არასწორი მეთოდით წარიმართა. დღეს ჯაბა 34 წლისაა. წლებთან ერთად, ჩვენი, ჯაბას მშობლების, ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა, მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად შვილის ჯანმრთელობა გვაწუხებს.…

ამ წერილით მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პატრიარქს, შიო III-ს.

ბატონო ბიძინა, მას შემდეგ, რაც თქვენი პერსონა ფართოდ გამოჩნდა, პირადი ინიციატივით ვაგროვებდი “ქართული ოცნებისთვის” ხმებს ჩემს სამეგობროში, სამეზობლოში თუ სანათესავოში. ამას ის უძღოდა წინ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საშინელი დღეები მქონდა გავლილი, როგორც ინვალიდი ბავშვის მშობელს. შეგნებულად არ ვიყენებ ტერმინს “შშმ პირი”. შშმ პირი შეიძლება ვთქვათ იმ პარაოლიმპიელებზე, რომელთაც ქვეყანა ასახელეს და მრავალი ჯილდო აქვთ მიღებული, ზოგი მეცნიერია, ზოგიერთი პარლამენტარიცაა. ჩემი შვილისნაირები არიან ქმედუუნარონი, რომელთაც დედები 24/7-ზე ზრუნვის გარეშე ვერ ტოვებენ. შევარდნაძის დროს ასეთ დედებს სახელმწიფოსგან სიმბოლური თანხა 22 ლარი მაინც ეძლეოდათ. ახლა ეს გაუქმებულია. დღეს არაერთი ჩემი ნათესავი ინვალიდ ბავშვს უვლის დღეში 4-5 საათით, რაშიც სახელმწიფო რამდენიმე ასეულ ლარს უხდის. ცუდი არ არის, მაგრამ რაც ჩემს შვილს სჭირდება, იმას მხოლოდ დედა იგრძნობს. არც ის პენსიაა საკმარისი, რასაც ასეთ ბავშვებს უხდიან. შევარდნაძის დროს სასამართლო დაპირისპირება მქონდა ნანული შევარდნაძესთან. ჩემი ადვოკატი უჩა ნანუაშვილი იყო. საქმე ეხებოდა იმას, რომ მადლობის წერილი დავბეჭდე მაშინდელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლის, მაგული აბაშიძე-გოგიტიძის სახელზე. ამას წინ უძღოდა ის, რომ გაზეთ “იბერია სპექტრში” თხოვნით მივმართე მაშინდელ პირველ ლედის, ნანული შევარდნაძეს. წერილის გამოქვეყნებისთანავე ქალბატონმა მაგული გოგიტიძემ მე, მეუღლე და ბავშვი სპეცრეისით თბილისში გადაგვაფრინა. (აჭარაში დღესაც ახსოვთ, როგორ ეხმარებოდა გაჭირვებულებს მაგული გოგიტიძე, მეც არაერთხელ დამხმარებია). გაფრენამდე გვითხრეს, აჭარის განათლების მინისტრმა თქვა, ნანული შევარდნაძის ძალისხმევით გერმანიიდან ნეიროქირურგი და ნევროპათოლოგი ჩამოდიან თქვენს დასახმარებლადო. მეორე დღეს ნანული შევარდნაძესთან მივედით. გვითხრეს, რომ ექიმები დღე-დღეზე ჩამოვიდოდნენ, თუმცა დაჟინებით მთხოვდნენ, “იბერია სპექტრში” ნანული შევარდნაძის სახელზე მადლობის წერილი დამებეჭდა. ასეც მოვიქეცი. ამის შემდეგ შევარდნაძის გარემოცვამ გვერდით აღარ გამიკარა. მოგვიანებით გავიგე ქალბატონ ნანულის ქალიშვილის, მანანას სამუშაო ადგილი და შევხვდი. მითხრა, დედა ახლა ქუთაისშია და ორშაბათს გვეწვიეთო. პარასკევი დღე იყო… ორშაბათს კი მითხრა, დედამ თქვა, საშუალება არ მაქვს და ბავშვი უკან წაიყვანონო. სასოწარკვეთილმა უჩა ნანუაშვილს მივმართე და სარჩელი პირველი ლედის წინააღმდეგ სასამართლოში შევიტანე.

2006 წელს დახმარებისთვის სანდრა რულოვს შევხვდი. მან კი შემომთავაზა, მეგობარს ინვალიდი ბავშვის შვილად აყვანა სურს და თქვენი თანხმობის შემთხვევაში 15.000 დოლარს გადაგიხდითო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ ბავშვთან ერთად სანდრას სახლთან მივედი. მან ჩემთან საუბარი არ ისურვა და მეც ბენზინი შევასხი, ხოლო ჩემკენ წამოსულ დაცვას ვუთხარი, მეც გადავისხამ, თუ მომიახლოვდებით-მეთქი. იმავე დღეს სამების ტაძარში მივედი, მამაოსგან კურთხევა ავიღე და ბავშვთან ერთად ფეხით მსვლელობა დავიწყე ბათუმისკენ. ეს საპროტესტო მსვლელობა იყო და 2 კვირის შემდეგ ლანჩხუთში დასრულდა, რადგან ჯანმრთელობა აღარ მეყო ბათუმამდე მისასვლელად.

წარსულზე საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, ბატონ ბიძინას მინდა დღევანდელობაზეც მოვუყვე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩემი, ჩემი შვილისა და მეუღლისთვის ჩატარებულ ოპერაციებში დაშვებულ იქნა სერიოზული შეცდომები. შეცდომა იყო მკურნალობის მეთოდშიც. ამას მიდასტურებენ ის ექიმები, რომელთაც ვენდობი. ეს რამდენჯერმე ვამცნე ჯანდაცვის მინისტრს, თუმცა ამაოდ.

ჯერ კიდევ რიჟვაძის მმართველობის პერიოდიდან, მივმართე აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას, რომ ვინაიდან ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ვცხოვრობ, დაეყენებინათ ადაპტირებული ლიფტი. მითხრეს, სამშენებლო გათვლებით შეუძლებელიაო. არადა, თბილისში ბევრ ასეთ კორპუსზე უკვე დამატებულია ლიფტი. ასევე ვთხოვდი ადაპტირებულ ეტლს, რომელიც კიბეზე გადაადგილდება - 5.000 ლარი ღირს. ამაზეც უარი მითხრეს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან გადამამისამართეს. მინისტრმა მითხრა, ჩვენს სამინისტროს ამის საშუალება არა აქვსო და აჭარის მთავრობასთან შუამდგომლობას დამპირდა - ასე მატარებენ წინ და უკან.

2-3 თვის წინ ბათუმის მერიას ერთჯერადი დახმარების თხოვნით მივმართე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც არ მიღებს.

ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტურიდან ვარ, ნათესავების დახმარებით მამაპაპისეული სახლი აღვადგინეთ ისე, რომ ეზოდან სახლში შესასვლელად კიბე არ სჭირდება ჩემს შვილს. თუმცა პრობლემად რჩება მთავარი გზიდან სახლამდე მისასვლელი 430-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ბეტონით საფრის მოწყობას საჭიროებს. არაერთხელ მივმართე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

რამდენიმე წელია პენსია დავალიანების დასაფარად მეჭრება - მანქანა მყავს 26 წლის, რომელიც “ლიბერთი ბანკში” დავაგირავე.

სამწუხაროდ ჩვენთვის ზღვის სანაპიროც აღარ არის ხელმისაწვდომი. ადმინისტრაციაში იურიდიულ პირს შევხვდი. მამაკაცი, სანამ სიგარეტის მოწევა და ყავის სმა არ დაამთავრა, არ დამელაპარაკა. შემდეგ კი მითხრა, ფულის გამოძალვაზე ხარ მოსულიო. მაინტერესებდა, როდის გაკეთდებოდა ადაპტირებული ჩასასვლელი ზღვისკენ. მან კი, მომავალში იქნება აუზები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურაო.…

მქონდა შესაძლებლობა, ხუთი წუთით უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ჯაბას მდგომარეობაზე გვესაუბრა. ახლა კი ვთხოვ პატრიარქ შიოს, დაიცვას ჩემი შვილის სიცოცხლე. დღეს თუ ჯაბა ცოცხალია, ეს უფლის წყალობაა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გვერდში გვიდგას.

ბატონო ბიძინა, ბევრი მსმენია თქვენი ქველმოქმედების შესახებ. სწორედ ამიტომ მოგმართავთ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ და ყურადღება მოგვაქციოთ.

ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად

თიბისი ბანკი

GE45TB7420136080100007

საქართველოს ბანკი

GE42BG0000000162421607

← მთავარი