"მადლობა ყველას" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 46-ღამიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება გამოაცხადეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ორწლიანი ბრძოლის გამარჯვება გამოაცხადეს — 46 ღამის გათენების შემდეგ კანცელარიის შენობასთან.
პრემიერ-მინისტრმა 4 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის კუთხით ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავს. „კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით,” — განმარტა კობახიძემ. მისი სიტყვით, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრიდან გამოსული მშობლები ემოციური იყვნენ. დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მამამ, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა: „ამ ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს.” გვიშიანი ამბობს, რომ საუბარია ორ კონკრეტულ მედიკამენტზე — მათ სახელწოდებებს ჯერ არ ასახელებენ, თუმცა ყველა მშობელი ინფორმირებულია.
მშობლებმა გამოაცხადეს, რომ კანცელარიასთან ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს წყვეტენ. კვირა დღეს, 8 ივნისს, გამარჯვების სიმბოლოდ მადლობის მარშს გამართავენ.
შეგახსენებთ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სასიცოცხლო მედიკამენტების მოთხოვნით ორ წელზე მეტ ხანს იბრძოლეს. მათ სამთავრობო კანცელარიასთან 46 ღამე გაათენეს.