100-საათიანი მარათონი დასრულდა — „დაიცავი ილიაუნიმ” დიუშენის ბავშვებისთვის 1 670 938 ლარი შეაგროვა
„დაიცავი ილიაუნის” 100-საათიანი LIVE მარათონი წარმატებით დასრულდა — შეგროვდა 1 670 938 ლარი და 48 თეთრი. ეს თანხა, ილიაუნის სტუდენტების სიტყვით, მარათონის დაწყებამდე „წარმოუდგენელი” იყო.
„ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ — შევცდით!” — დაწერეს ორგანიზატორებმა.
შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს. ფონდი „დაიცავი ილიაუნი” შემდგომ თანხების შეგროვებას გააგრძელებს — „შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი”.
მარათონი 21 მაისს დაიწყო. თავდაპირველი მიზანი 100 000 ლარის შეგროვება იყო. მალევე ათეულობით კომპანია, უნივერსიტეტი და კლინიკა ჩაერთო — შედეგი 16-ჯერ გადააჭარბა გეგმას.
ორგანიზატორები ხაზს უსვამენ: „ხალხი გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო — ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას.” შეგროვებული რესურსი გამოყენებულ იქნება სასუნთქ აპარატებსა და გენერატორებზე, მედიკამენტებზე, ადაპტირებულ სავარძლებსა და ოპერაციებზე.
შეგახსენებთ, ამ ბავშვების მშობლები ერთ თვეზე მეტია მთავრობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის ქვეყანაში შემოტანის უფლებას ითხოვენ.