„მიეცით წამალი ბავშვებს” — დიუშენით დაავადებულთა მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციამდე მარში ჩაატარეს
„მიეცით წამალი ბავშვებს” — ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში ჩატარდა.
მარშში მონაწილეობა მიიღეს თავად დაავადებული ბავშვების მშობლებმა და მოქალაქეებმა. ისინი წითელი ბუშტებითა და ბანერებით ადმინისტრაციისკენ მიემართებოდნენ.
მშობლები კიდევ ერთხელ ცდილობენ ხელისუფლებას მიაღწიონ: „გვინდა გავაგონოთ ხმა — ამ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
ერთ თვეზე მეტია პაციენტების ოჯახები მთავრობის ადმინისტრასთან ღამეებს ათენებენ. ამ ბრძოლას ფართო სოლიდარობა გამოეხმაურა: ილიაუნის სტუდენტებმა 100-საათიანი მარათონი წამოიწყეს, რომელმაც 1 670 000 ლარზე მეტი შეაგროვა — კომპანიებისა და ათასობით ჩვეულებრივი მოქალაქის წვლილით.
შეგროვებული თანხა გამოყენებული იქნება სასუნთქ აპარატებზე, გენერატორებზე, მედიკამენტებზე, ადაპტირებულ საწოლებსა და ეტლებზე, ასევე ხერხემლის ოპერაციებზე.