← მთავარი
მსოფლიო

დრონმა სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოაგდო წითელი საღებავით სავსე კონტეინერი

2 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დრონმა სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოაგდო წითელი საღებავით სავსე კონტეინერი

რუსეთის საელჩომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დრონით „მორიგი თავდასხმის“ შესახებ განაცხადა.

საელჩოს მიერ სოციალური ქსელებით 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით ღამის ორი საათისთვის ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა(კვადროკოპტერმა) საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოაგდო წითელი საღებავით სავსე კონტეინერი, მეორე ჩამოვარდნილ დრონზე კი „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის იმიტაცია იყო მიმაგრებული“.

რუსეთის საელჩო მიიჩნევს, რომ „საქმე აქვთ არა მხოლოდ პროვოკაციასთან, არამედ მისიის თანამშრომელთა დაშინების აშკარა მცდელობასთან“, რაც „არ გამოუვათ“.

რუსეთის საელჩოს განცხადებით, სტოკჰოლმში „მსგავსმა ინციდენტებმა სისტემატური ხასიათი მიიღეს“, თუმცა შვედი სამართალდამცავები „რუსეთის საელჩოზე შეტევებს მხოლოდ ფორმალურად აფიქსირებენ“.

შვედეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე მსგავსი ინციდენტი იყო 2025 წლის მაისშიც.

შვედეთი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ივნისის ბოლოს გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის თანახმად, კიევი შეიძენს 16 შვედურ გამანადგურებელ Gripen-ს.

← მთავარი