← მთავარი
მსოფლიო

ორი პორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

6 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ორი პორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

6 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულია ლუჟსკის პოლიგონზე და უსტ-ლუგის და ვისოცკის პორტების რაიონებში.

ლენინგრადის ოლქის დაბა უსტ-ლუგასთან მდებარე პორტი ბალტიის ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი პორტია. მასზე უკრაინული დრონებით შეტევა ადრეც არაერთხელ იყო, მათ შორის 2026 წლის გაზაფხულზე.

ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის ქალაქ ვისოცკში მდებარე პორტზე დრონებით შეტევა იყო 4 ივლისსაც.

გუბერნატორ დროზდენკოს თანახმად, 6 ივლისს საჰაერო თავდაცვამ ლენინგრადის ოლქში 56 უკრაინული დრონი მოიგერია. რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, არ ასახელებს, მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

6 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ იაროსლავლშიც. რეგიონის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ „მასირებული შეტევა მოიგერია“ და 70-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ევრაევის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, დაიჭრა ორი ადამიანი. სხვა შედეგების შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო ქარხანაზე „სლავნეფტ-იანოსი“, რომელიც რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა და წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას 2026 წლის მაისშიც დაარტყეს.

უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის რეგიონების გასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ან შეწყვიტეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს და მათ პასუხად, მხოლოდ ივლისის დასაწყისიდან რაკეტებით და დრონებით ორი მასირებული, დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამომწვევი შეტევა მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზეც.

← მთავარი