← მთავარი
პოლიტიკა

დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა

27 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა

პარტია დროას შეფასებით, თითოეული დღე, რომელსაც ელენე ხოშტარია ატარებს კლინიკისა და შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არის ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე, რასაც რეჟიმი შეგნებულად აკეთებს. ამის შესახებ ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ ისაუბრა.

მან ასევე განაცხადა, რომ როგორც ელენე ხოშტარია, ასევე დროა არ აპირებენ უკან დახევას და ბრძოლის შეწყვეტას.

გთავაზობთ ბრიფინგს სრულად:

“როგორც იცით, ორი დღის წინ ელენე მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, ქალბატონმა მაკა იოსელიანმა და მან ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად გასინჯვა, სრულფასოვნად გასინჯვა იმ აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს, თუმცა გასინჯვა მაინც მოხერხდა, ექიმი გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს. ასევე არსებობს, ცენტრალური დაავადების გარდა, დამატებითი ფაქტორები, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს.

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უარს ვამბობდით, რომ გვესაუბრა სამედიცინო დეტალებზე და სამედიცინო გამოსავალზე, რადგან, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ ამ სფეროს პროფესიონალები და ჩვენ არ გვინდოდა, განსაკუთრებით ელენეს არ უნდოდა, რომ ამ ყველაფერს რაღაც სპეკულაციის ელფერი ჰქონოდა. თუმცა მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი, ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიოდ, ცხადად ვთქვათ, რომ თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და მკურნალობის გარეშე, არის ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე და ეს არის არა შემთხვევითი ამბავი, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.

თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ.

ასევე უნდა გითხრათ, რომ ის, რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ ექიმი რევმატოლოგის ჩართულობით, ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი. ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის.

აქვე ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა ელენეს და დროას პოზიცია, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟიმის ნების ნებისმიერი ბოროტმოქმედების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯის მიუხედავად, რაც არ უნდა გადადგას რეჟიმმა პირადად ელენეს, პარტია დროას წინააღმდეგ, არცერთი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, არც ერთი წამით არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას, არ არსებობს ფასი, რომელსაც რეჟიმი გადაგვახდევნებს და ჩვენ შევწყვეთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება საქართველოს.” - განაცხადეს დროას ბრიფინგზე.

რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

“დროა” პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს 25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.

ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება

ექიმი: ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

← მთავარი