← მთავარი
საზოგადოება

"ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში, თითქოს დახვრეტაზე გაჰყავხარ - რომ ჩამოვიყვანოთ ლუის ჰამილტონი, პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებს" - მევლუდ მელაძე

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

“ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში. იშვიათია ადამიანი, ვინც პირველივე გასვლაზე ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში. ერთი და ორი ადამიანი არ არის, ვინც სტრესის ქვეშ ექცევა. როდესაც მაღალი დონის ტრენინგები მიმდინარეობს ხოლმე, ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ოდნავ მაინც გრძნობთ თავს სტრესში, ხართ დაღლილი, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს მართვის დროს, უმჯობესია საჭესთან არ დასხდეთ. გამოცდა არ უნდა იყოს ისეთი, თითქოს დახვრეტაზე გაჰყავხარ ვინმეს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვინც გამოცდას იბარებს, არის მეგობრული. შენ ელოდები, რომ გამოცდაზე როდესაც მიდიხარ ყველა შენიანია, ის გეხმარება, რომ გამოცდა ჩააბარო, მაგრამ, როგორც წესი, მოწინააღმდეგე მხარეა ის პირი, ვინც გამოცდას იბარებს. არამეგობრული გარემო სტრესში აგდებს ადამიანს. მეორე, ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც პირველივე გასვლაზე ჩააბარა გამოცდა. იმიტომ რომ, მარტო მართვა არ არის, უნდა იცოდე, როგორ ჩააბარო გამოცდა. რომ ჩამოვიყვანოთ ლუის ჰამილტონი გადაცმული, რომ ვერ იცნონ, საქართველოში პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებს, რადგან არ იცის, როგორ ჩააბაროს გამოცდა საქართველოში. ის პირველია მსოფლიოში ავტომობილის მართვაში, მაგრამ არ იცის როგორ ჩააბაროს საქართველოში გამოცდა, რაც თავისთავად არასწორია. განაგრძეთ კითხვა

← მთავარი