DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს შექმნილ კრიზისს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება გუშინ, 12 ივნისს, ნოდარ მელაძის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გამოქვეყნებას. მათი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძლიან ეჭვს, რომ მსგავსი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენება სისტემის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკადაა ქცეული.
განცხადებაში ნახსენებია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ პროკურატურამ ბრალი ძალოვანი უწყების მხოლოდ 4 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს არასწორი კვალიფიკაციით წარუდგინა. 2025 წლის იანვარში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებულ რამდენიმე პირს, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ გორში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელებს ნაცვლად წამებისა, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით წარუდგინა.
DRI-ის შეფასებით, უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, მინიმალურადაც ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს და ახალისებს უმძიმესი დანაშაულების ჩადენას.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება გუშინ, 12 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ნოდარ მელაძის მიერ გასაჯაროებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფაქტი 4 წლის წინ - 2022 წელს მოხდა და ყველა მათგანი 2026 წლის თებერვალში დააკავეს. ფაქტის აღიარების მიუხედავად, უწყება არ აკონკრეტებს, წარდგენილი ბრალის შინაარსს.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი, განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის საშიშ არეში (ძირითადად, თავის არეში), სასურველი ჩვენების მიღების მიზანთ, მიზანმიმართულად გამეტებით ურტყამს მოქალაქეს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს, რაზეც აუცილებლად უნდა გაეცეს დაუყოვნებელი პასუხი:
რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს და რა ეტაპზეა გამოძიება? რატომ დასჭირდა რამდენიმე წელი იმ პირების დაკავებას, რომელთა იდენტიფიცირების პრობლემა არ იყო - კადრებში ნაჩვენები ძალადობა განხორციელდა პოლიციის სისტემაში; რატომ გაიგო საზოგადოებამ ამ ფაქტის შესახებ მედიისგან და არა სამართალდამცავი უწყებისგან? ძალადობის იმ საქმეების გარდა, რაზეც საზოგადოება ინფორმაციას მედიისგან იღებს, რამდენი ასეთი საქმეა იდენტიფიცირებული და რა რეაგირება აქვს შესაბამის უწყებებს. ქვეყანაში ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი უმწვავესი მოვლენები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენება სისტემის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკადაა ქცეული.
ჯერ კიდევ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში, საუბარია ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულთა სერიაზე - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც ხორციელდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებული არაერთი წყაროთი (მათ შორის, დაზარალებულთა ჩვენებებით) დასტურდება, თუ როგორ ურტყამდნენ ძალოვნები ასობით მოქალაქეს სახისა და თავის არეში, ხოლო მიკროავტობუსებში დაკავებულთა წამება გრძელდებოდა, ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პროკურატურამ ბრალი ძალოვანი უწყების მხოლოდ 4 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს არასწორი კვალიფიკაციით წარუდგინა. ამ ძალადობრივი ფაქტების ფონზე, საგანგაშო იყო 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარვევისთვის საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული რამდენიმე პირისთვის, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ფაქტი.
მიდმინარე წლის 27 მაისს სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ქ. გორში სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად, სასტიკად უსწორდება მოქალაქეს. აღნიშნულ ფაქტზეც პროკურატურამ ბრალი პოლიციელებს ნაცვლად წამებისა, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით წარუდგინა.
უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, რომელიც რამდენიმე პოლიციელის დაკავებას და შედარებით მსუბუქი შინაარსის ბრალდების წარდგენას გულისხმობს, მინიმალურადაც ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს. მსგავსი მიდგომა, განსაკუთრებით კი, ძალადობის ფაქტებზე შერჩევითი რეაგირება, ახალისებს უმძიმესი დანაშაულების ჩადენას - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კი სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამ ფონზე, იკვეთება საშიში ტენდენცია, რომ მოქალაქეთა მიმართ, მსგავს მძიმე ქმედებებს უწყებები, საპოლიციო ღონისძიების სახედ იყენებენ.” - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა დანაშაული 2022 წელს ჩაიდინეს, სამივე პოლიციელი 2026-ში დააკავეს - შსს მელაძის ანონსზე