← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა „დოჟდის” მთავარ რედაქტორს 8 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

12 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუსეთმა „დოჟდის” მთავარ რედაქტორს 8 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ 12 მაისს ტელეარხ „დოჟდის” მთავარი რედაქტორი ტიხონ დზიადკო დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

„ფეიკებად” მიჩნეულ იქნა დზიადკოს პოსტები ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ. სასჯელს ემატება 250 000 რუბლის ჯარიმა და ოთხი წლით ვებსაიტების ადმინისტრირების აკრძალვა.

ბრალდების მხარე 8-წლიან პატიმრობასა და 5,9 მილიონი რუბლის ჯარიმას ითხოვდა. დამატებითი ბრალდება ეხებოდა „უცხოეთის აგენტების” კანონის დაცვაზე თავის არიდებასაც.

რუსეთის ხელისუფლებამ ტიხონ დზიადკო ძებნილად 2025 წლის აპრილში გამოაცხადა, ოქტომბერში კი დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 2022 წლიდან ის „უცხოეთის აგენტების” სიაშია, 2025 წლიდან — „ტერორისტებისა და ექსტრემისტებისაც”.

ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ „დოჟდი” „არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა. ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ჯერ ლატვიაში, შემდეგ ნიდერლანდებში გადავიდა.

ამ წლის თებერვალში ანალოგიური ბრალდებით — ბუჩასა და ოდესაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის, წამებისა და გაუპატიურების შესახებ Human Rights Watch-ის ციტატის გამოქვეყნებისთვის — „დოჟდის” ქართველ წამყვანს ეკატერინა კოტრიკაძეს 8-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

← მთავარი