„პატიმრების გათავისუფლება ძალიან დიდი საქმე იქნება” — მეუფე დოსითეოსი ახალ პატრიარქს ესალმება
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება „ძალიან დიდი საქმე იქნება”.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საჯაროდ გააჟღერა, რომ საპატრიარქოს პატიმრების გათავისუფლების სურვილი აქვს. მეუფე დოსითეოსი ამ საკითხს ახალი პატრიარქის კომპეტენციად მიიჩნევს, თუმცა, ვინაიდან ეს ინფორმაცია წინსწრებით გახდა ცნობილი, ამბობს:
„ეს ბუნებრივი ამბავია ეკლესიისათვის და არ არის გამორიცხული. ეკლესია ამოდის იმ გაგებიდან, რომ ყველა მისი შვილია — ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი შვილები. ამიტომ, სრულებით არ არის გასაკვირი ეს ამბავი.”
დოსითეოსი ასევე შეეხო, თუ რატომ არ გადაიდგა ეს ნაბიჯი ადრე: „შეიძლება, იმ დროისთვის სათანადო ბერკეტი არ ჰქონდა. ახლა, ახალი პატრიარქის მსახურების დაწყებასთან ერთად, ვიმედოვნებ, ეს ბუნებრივ მოვლენად იქცევა.”
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე კი დოსითეოსი განმარტავს: „ეკლესია მოვალეა, ყველასთან — მათ შორის ხელისუფლებასთანაც — ჰქონდეს მისასვლელი და დისკუსიის უნარი, ტკივილის მიუხედავად.”