← მთავარი
სამართალი

დმანისელი მეცხვარის თქმით, ნიჩბებითა და ხელკეტებით სცემეს, დაწყებულია გამოძიება

14 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დმანისელი მეცხვარის თქმით, ნიჩბებითა და ხელკეტებით სცემეს, დაწყებულია გამოძიება

დმანისელი მეცხვარე, ნათიკ ინშაფალოევი ამბობს, რომ მას რამდენიმე ადგილობრივი ნიჩბებითა და ხელკეტებით გაუსწორდა. მასთან ინტერვიუ ტელეკომპანია „პირველმა“ ჩაწერა. ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში კაცს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა. ის ჰყვება, რომ ცემის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, თავად კი ქუჩაში გონებადაკარგული დარჩა. გონზე მოსვლის შემდეგ 112-ში დარეკა. მისივე ცნობით, დაპირისპირების მიზეზი ცხვარი გახდა, რომელმაც თავდამსხმელებს ავტომობილით გადაადგილებაში შეუშალა ხელი. „სახლების გვერდზე ხომ დადის ცხვარი, მანქანა ხომ არ არის, ასფალტიდან რატომ უშვებ გვერდზეო. მე ვუთხარი, რომ აი, მოვიდეს ცხვრის პატრონი, დავრეკე ცხვრის პატრონთან, რომ მოდი, მომკლავენ მე. სანამ ის მოვიდა, უკვე ამათმა მცემეს. ხუთი კაცი მოვიდა, მაგრამ სამმა მცემა. ამხელა ტარებით მცემეს, პირველად თავში დამარტყეს, გონება დავკარგე და დავვარდი, მერე ლაფატკით, ფეხით, მკვდარი ვიყავი… სასწრაფოში, პატრულსი დავრეკე მერე, რომ მომეხმარეთ, მომკლავენ და “სადაც გინდა, იქ დარეკე, ყველაფერი ჩემია საქართველოშიო”…პატრულმა თქვა, სამს არა, ერთს დავიჭერთო. პირველად პოლიცია წავიდა იმის სოფელში, სასწრაფო მოვიდა ჩემთან“, - ამბობს მეცხვარე ინტერვიუში.რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას ნიშნავს.

← მთავარი