„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ ჩოგბურთში ტრავმების რიცხვის ზრდა - სპორტის ამ სახეობაში უფრო ღრმა პრობლემის შედეგია.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტრავმების რაოდენობა იზრდება, და ვფიქრობ, ამას უნდა შევხედოთ ორი მხრიდან. პირველი მხარე, რომელიც დღეს აშკარად დომინირებს ჩვენს სპორტში - კომერციაა. ჩოგბურთის ღირებულების ამაღლებას მუდმივად ცდილობენ უფრო გრძელი ტურნირების შექმნის ხარჯზე, ასევე ისედაც გადატვირთულ კალენდარში ახალი ტურნირების დამატების ხარჯზე.
მე მაქვს პრივილეგია ავირჩიო - სად ვითამაშო, და არც ისე ძლიერად ვარ დამოკიდებული კალენდრის ამ მოთხოვნაზე, როგორც მოთამაშეების უმეტესობა. მაგრამ შესანიშნავად მესმის კარლოს ალკარასის და სხვა ბევრის წუხილი იმის გამო, რომ დიდი დროის გატარება უწევთ სახლიდან მოშორებით. ეს მეც არ მომწონს.
მიმაჩნია, რომ ჩოგბურთს სჭირდება რაღაც მასშტაბური გადატვირთვა. პროფესიული ტურები არასწორად მუშაობენ. კულისებს მიღმა ძალიან ბევრი რამ ხდება, ძალიან ბევრი კონფლიქტია ჩვენი სპორტის ხელმძღვანელ ორგანოებს შორის და ძალიან ცოტა ერთიანობა. „დიდი სლემის“ ტურნირები ყოველთვის იქნება ჩოგბურთის წამყვანი ძალა, მაგრამ პროფესიულმა ტურებმა უნდა იფიქრონ კალენდრის გარდაქმნაზე, ფორმატებზე და ბევრ მოქმედ წესზე. ყველა, ვისაც ეს ეხება, ერთად უნდა დაჯდეს და იფიქროს, რა იქნება საუკეთესო სპორტის ამ სახეობის მომავლისთვის“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.